“ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დაუყონებლივ უნდა გაიხსნას” – ციხელაშვილი ჰუმანიტარულ კრიზისზე

ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე საქართველოს ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არის საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან.

“ის, რომ პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია და ამ ფონზე მედიკამენტების ამოღება ხდება იმ ნიშნით, რომ მას ქართული წარწერები აქვს, პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა გახლავთ. ამაზე ხმამაღალი მანიფესტი იმისა, რომ რეჟიმი ადამიანების წინააღდეგ მოქმედებს, ალბათ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ. მე ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით იკვეთება ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის აუცილებლობა დაუყონებლივ და წინაპირობების გარეშე. ეს არის ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯი და მოვუწოდებ საოკუპაციო რეჟიმსა და დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი იქნას გადადგმული,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტო “რესის” ინფორმაციით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები დაცლილია.

https://mcm.ge/ოკუპირებულ-ცხინვალში-საკ/

მსგავსი თემები