ახალგაზრდული კონფერენცია „ჩვენი აფხაზეთი“ გაიმართა

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა ახალგაზრდული კონფერენცია „ჩვენი აფხაზეთი“.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.

კონფერენცია წარმოადგენდა აფხაზეთის განათლების სამინისტროს პროექტის შემაჯამებელ ეტაპს, რომელიც საქართველოს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა ქვეპროგრამის „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ მიხედვით. პროექტის მიზანი იყო თბილისში შერჩეული 15 საჯარო სკოლის მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მათ შესახებ ცოდნის გარღმავება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის თემა ვერ ჰგუობს ისტორიის ზედაპირულ ცოდნას, აუცილებელია მისი აქტუალიზაცია და ცნობიერების ამაღლება ახალ თაობებში: „ცხადია, საერთაშორისო სამართლის ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სადავო ტერიტორიის ისტორიული კუთვნილების საკითხს ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ 1992-93 წლებში იყო არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, არამედ რუსეთ-საქართველოს ომი, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის რეგულარული არმია, ავიაცია, ფლოტი, მოხალისეები“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

მოხსენებით გამოვიდნენ პროექტში მონაწილე სკოლის მოსწავლეები.


ღონისძიების დასასრულს კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგებს აფხაზეთის განათლების სამინისტროს სერთიფიკატები და სასაჩუქრე წიგნები გადასცეს.

მსგავსი თემები