ახალგაზრდული ბიუჯეტი, ახალგაზრდული სივრცე და ყველაფერი ახალგაზრდებისთვის – მერობის კანდიდატის პროგრამა

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ ანაკლიაში ახალგაზრდებს, მისი საარჩევნო პროგრამიდან „ახალგაზრდული პოლიტიკა“ წარუდგინა. მერობის კანდიდატმა იმ პროექტებზე ისაუბრა რის განხორციელებასაც ახალგაზრდების მიმართულებით აპირებს.

ერთ-ერთი სიახლე, რაზეც მერობის კანდიდატმა ისაუბრა, ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცის მშენებლობაა.

„,ეს უნდა გახდეს ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი. საუბარია ინტელექტუალურ, სახელოვნებო, სპორტულ თუ სხვა მიმართულებებზე. ეს იქნება სივრცე, რომელიც იქნება თქვენი, ახალგაზრდების საკუთრება და იქ გენერირებული იდეები შეისხამს ხორცს. განსაკუთრებულობა ამ იდეის ალბათ არის ის, რომ ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, გააქტიურდნენ და ნახონ, რომ უსმენენ და მათ მოსაზრებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

გიორგი შენგელიას განმარტებით, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოფა თანხა, რომელიც ახალგაზრდების იდეებისთვის იქნება განკუთვნილი. გამოვლენილი საუკეთესო პროექტების დაფინანსება მოხდება. ასევე, მისი განცხადებით, აპირებს ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსების გაზრდა. პროგრამა, როგორც წარჩინებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის გაცემას, ასევე მათ საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასაც შეუწყობს ხელს.

,,ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ ზუგდიდიდან, ან საქართველოდან გასვლა მიზნის მისაღწევად. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ეს უზარმაზარი რესურსი დავუკარგოთ ჩვენს მომავალს. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ ან ტურისტად ან სასწავლებლად და იქ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ“ – აღნიშნა შეხვედრაზე შენგელიამ.

მერობის კანდიდიტმა ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, რისი გარანტიაც სახელმწიფოა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტურიზმის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზუგდიდი არ იქნება ტურისტების გამტარი მუნიციპალიტეტი. არამედ აქ შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა და მარშუტები, რაც ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს, მეტი დრო დაჰყონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

მსგავსი თემები