ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ თუ რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება ნარკომანიის პრობლემა საზოგადოებამ გულთან არ მიიტანოს. განათლებაზე საუბარი ზედმეტია, თუ ახალგაზრდობა ნარკოტიკებით იქნება გართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერც პერსპექტივას ხედავენ, ვერც მომავლისთვის ემზადებიან.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა, საჭიროა ქვეყანაში დაიწყოს საინფორმაციო კამპანია და ახალგაზრდებს დაანახონ რა ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში. რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის.

“ვასწავლოთ, როგორ დაინახონ თავიანთ ცხოვრებაში პერსპექტივა. ეს ჩვენი მოვალეობაა და ამაში მე ბოლომდე ჩავერთვები. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

„ამ საკითხზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ფინანსურის გარდა, მეორე ნაწილი ეხება საზოგადოებას. ჩვენ ეს ადამიანები საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად უნდა მივიღოთ. პრობლემა გონებაში წყდება. ამავე დროს, უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეტი რესურსები გვქონდეს. ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული. თბილისში ნელ-ნელა გადავდივართ ევროპულ ნორმებზე, მაგრამ რაიონებში ამ კუთხით ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამაზეც ერთად ვიმუშაოთ და ვნახოთ, რა არის პრიორიტეტი და სამოქმედო გეგმა, რაზეც შეიძლება, ერთად შევთანხმდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები