ახალგაზრდა ლიბერალები არა მხოლოდ მმართველობას, პარლამენტსაც უნდა მოვაშოროთ – გიორგი ლომია

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატ გიორგი ლომიას განცხადებით, უმრავლესობის დაშლის პროცესი მაშინ დაიწყო, როცა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონის მიღებაზე დაიწყო საუბარი. აღნიშნულ კანონპროექტს სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, ის გააპროტესტეს სასულიერო პირებმა, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა მწვავე განცხადება გააკეთა. 

გიორგი ლომიას შეფასებით, უმრავლესობის დაშლის პროცესის დასაწყისის დასასრული დადგა მოსამართლეთა თემის გაშლით.

“ვის აწყობდა მოსამართლეების თემა? ისევ კორუფციაზე უნდა ვისაუბროთ. ეს აწყობთ იმ ადამიანებს და ადამიანთა იმ ჯგუფს, რომლებსაც სერიოზულად სჭირდებათ ხელის მოსამართლები, რათა გარკვეულ საქმეებში გვერდით დაუდგნენ. ვინ არის ეს ჯგუფი, უნდა გავაანალიზოთ და მიმდინარე პროცესებით მივხვდებით. ესენი არიან ის ახალგაზრდა ლიბერალები, რომლებიც დღეს მართავენ პარლამენტს და იმედი მაქვს, მალე დასრულდება მათი მმართველობის პერიოდი. პარლამენტში აღდგება ის სამართლიანი პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ, 2012 წელს დავაანონსეთ და რომლითაც “ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში. სამართლიანობის აღდგენა, სააკაშვილის გუნდის წევრების და პირველ რიგში სააკაშვილის დასჯა. დაუბრუნდეს ადამიანებს წართმეული ქონება და სხვადასხვა საკითხი, რომელიც სამართლიანობას ეხება. ვიმედოვნებ, რომ უმრავლესობის დაშლის შემდეგ, საკმარისად მოგროვდება დეპუტატების ის რაოდენობა, რომ ეს პროცესი დავიწყოთ”, – განაცხადა გიორგი ლომიამ “მთავარში”.

მისივე თქმით, უმრავლესობას კიდევ 30 -მდე წევრი გამოაკლდება. ასევე, გარდაუვალია უმცირესობის დაშლა.

“მე დღევანდელ უმცირესობაზე ვსაუბრობ. ნაცები და ევრო ნაცები, რომც გაერთიანდნენ, ვერ შექმნიან ახალ უმრავლესობას, ჩვენ მაქსიმალურად შევუშლით ამას ხელს. დავიწყებთ კონსულტაციებს, უმრავლესობიდან წამოსულ ყველა დეპუტატთან, რათა “ოცნებიდან” გასული ადამიანები პატრიოტებთან გაერთიანდნენ”, – აცხადებს გიორგი ლომია.

მსგავსი თემები