აჭარისა და აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებმა – ჯემალ გამახარიამ და დავით გაბაიძემ ხელი მოაწერეს ოთხი მუხლისაგან შემდგარ დოკუმენტს, რომელიც ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის  გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთთან კოორდინაციითა და რესურსების ურთიერთგაცვლით საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი სხდომები, სამუშაო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები ჩატარდება, რომლებიც აჭარაში მცხოვრები დევნილების საჭიროებების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით კი, ორი საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთობას სხვა დატვირთვაც აქვს.

„აქ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები. საუკუნენახევარის  განმავლობაში არ ყოფილა თუნდაც ერთი შემთხვევა რაიმე კონფლიქტისა თუ უკმაყოფილებისა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს არის ბრწინვალე მაგალითი იმისა, რომ ამ ორ ეთნოსს შორის არანაირი პრობლემა და ეთნიკური ხასიათის დაპირისპირება არ არსებობდა, არ არსებობს და არც შეიძლება იარესებოს.

მაშინ ისმის კითხვა, რა ხდება ენგურს გაღმა, რატომ არის იქ  პრობლემები? ოკუპირებულ აფხაზეთში იმიტომაც არის პრობლემები, რომ ის ტერიტორია დღეს არ ეკუთვნის არც აფხაზებს და არც ქართველებს და ჩვენს შორის კონფლიქტიც არის ოკუპანტის პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ამასთან, გამახარიას განცხადებით, მემორანდუმის ცალკეული პუნქტების შესრულება ხელს შეუწყობს ბათუმში და მთლიანად აჭარის რეგიონში განსახლებულ დევნილთა პრობლემების  მიზანმიმართულ დარეგულირებას. 

მსგავსი თემები