აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი ორივე მუხლით გაამართლა

აშშ-ის სენატმა, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, ორივე მუხლით გაამართლა. აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი ბრალი.

დონალდ ტრამპის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუხლით დამნაშავედ ცნობას ყველა დემოკრატმა სენატორმა დაუჭირა მხარი, ასევე ერთმა რესპუბლიკელმა – მიტ რომნიმ. ამგვარად, პირველი კენჭისყრის შედეგად ტრამპის სასარგებლოდ 52-მა სენატორმა მისცა ხმა, მის დამნაშავედ ცნობას კი, 48 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება მეორე ბრალდებას – კონგრესის გამოძიებაში ხელის შეშლას, აქ ხმები პარტიულად განაწილდა – 53-მა სენატორმა პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო, 47-მა კი – დამნაშავედ.

იმისთვის, რომ სენატს დონალდ ტრამპი დამნაშავედ ეცნო, საჭირო იყო ხმების ორი მესამედი, ანუ სულ მცირე 67 ხმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ტრამპმა პოლიტიკური გავლენა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ზელენსკის „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

მსგავსი თემები