„აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების შემდეგ“ – საპატრიარქო 

„ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს“ – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში გეი წყვილის სიყვარულის შესახებ გადაღებულ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ და მის პრემიერას საპატრიარქოზე შეტევად აფასებენ.

„შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების  შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება. ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს“ – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.  

სასულიერო პირები ფიქრობენ, რომ ეს ფილმი ცოდვის ლეგალიზებაზეა გათვლილი, რასაც ეკლესია არასდროს დაუშვებს: „რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული  უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება“.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს იმართება. გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავენ.

მსგავსი თემები