“აქციებზე დგომას არ ვაპირებ. ქუჩის პროცესი ჯანსაღი და სწორი არაა ქვეყნისთვის” – თამარ ჩუგოშვილი

“არ ვიცი რამდენად არსებობს ჯერ კიდევ სივრცე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დეპუტატთან ერთად გუშინ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა.

კითხვაზე, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას მოახდენს, რა პერსპექტივა ექნება მას, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს, თუ საკითხი ხელახლა დადგება დღის წესრიგში, მხარს დაუჭერს.

„ძალიან გამიხარდება და მხარს დავუჭერ, თუ ხელახლა დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუშინ პარლამენტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პასუხი გაეცა კითხვას, საარჩევნო სისტემას ქვეყანა ცვლის თუ არა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება საბოლოო იყო და ამან განაპირობა ჩემი და ჩემი კოლეგების ის მძიმე ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გუშინ მოგვიწია. არ ვიცი, რამდენად არსებობს ჯერ კიდევ სივრცე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატი მიიჩდევს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა რეალისტური არაა. მისი თქმით, ის აქციაზე მისვლას არ აპირებს.

„ვადამდელი არჩევნების საბაბს და საფუძველს ვერ ვხედავ. ამ აქციებზე დგომას არ ვაპირებ. არ მგონია, რომ ქუჩის პროცესი ჯანსაღი და სწორია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე პროცესების ქუჩაში გადატანას არ ვემხრობი. პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან და პოლიტიკური ორგანოებიდან უნდა იმართებოდეს და არა ქუჩიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები