“აქვს ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კონტაქტურია” – დავით სერგეენკომ გიორგი მამალაძე მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. მოისმინა ინფორმაცია მისი მკურნალი ექიმისა და ექიმ-სპეციალიტებისგან.  

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, სანმოკლე საუბარი ჰქონდა მსჯავრდებულთანაც, ის კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა აქვს ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დადგენა ამჟამად მიმდინარეობს. “სანამ ეს სიმპტომები იქნება, ის იქნებ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, დეკანოზთან საუბრის თემა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.  

“ხანმოკლე გასაუბრება გვქონდა მასთან პალატაში. მის სამედიცინო ჩივილებზე. საუბრის თემა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა, რომ არც ერთი ჩივილი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. ის არის კონტაქტური და ადეკვატური. რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და შედეგები, რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.  მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. პაციენტმა უნდა მიიღოს საუკეთესო მკურნალობა, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ის ვინ არის”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. 

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის არაფერია ცნობილი.

როგორც ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი ავრცელებს ინფორმაციას, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.  

პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. ასევე, მოუხსნა დამამძიმებელი გარემოება და დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

მსგავსი თემები