“აქამდე გამოყენებულმა შემაკავებელმა ღონისძიებებმა მოგვცა საშუალება, გაგვეწყვიტა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი” – თამარ გაბუნია

“აქამდე გამოყენებული შემაკავებელი ღონისძიებები ძალიან ეფექტური იყო და მოგვცა საშუალება, გაგვეწყვიტა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია აღნიშნავს, რომ კვლავაც გვმართებს მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ეს შედეგი იყოს შენარჩუნებული.

„ერთი, რაც დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ის შემაკავებელი ღონისძიებები, ფიზიკური დისტანცირება და სხვა ზომები, რომლებიც აქამდე გამოვიყენეთ, იყო ძალიან ეფექტური, რამაც მოგვცა საშუალება, რომ შეგვეკავებინა, გაგვეწყვიტა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი და მივიღეთ ასეთი დაბალი გავრცელება დღევანდელი მდგომარეობით.

საინტერესო ტენდენცია არის ის, რომ ვირუსის გავრცელების პროცესში, როდესაც რაიმე ჩარევა ხდება, ეს შედეგს გვაძლევს ორი კვირის ვადაში. ამდენად, ჩვენ ახლა ძალიან ფრთხილად უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, შემზღუდავი ღონისძიებების მოხსნასთან ერთად, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეს დინამიკა.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც მივიღეთ, არის პრევენციული და შემაკავებელი ღონისძიებების შედეგი. ამდენად, ეს ვირუსის გავრცელების ბუნებრივ ტენდენციებსა და გარანტირებულ კლებას არაფრით არ ასახავს. ამდენად, კვლავაც გვმართებს მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ეს შედეგ შევინარჩუნოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა.

„ამ მიღწევაში ძალიან დიდია თითოეული მოქალაქის წვლილი, რომლებიც მაქსიმალურად თანამშრომლობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეპიდემიოლოგებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან და იცავდნენ იმ ღონისძიებებს, რაც იყო მოწოდებული მათივე ჯანმრთელობის დაცვისთვის. რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდია თითოეული ექიმის, ექთნის, ეპიდემიოლოგისა და სრულიად, ყველა სამთავრობო უწყების როლი, ვინც ამ ღონისძიებების განხორციელებაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო.

ახლა უბრალოდ ამ ძალისხმევის შენარჩუნება და ამ შედეგების შენარჩუნება იქნება კიდევ ერთი საყოველთაო პასუხისმგებლობა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიზიაროთ ეს პასუხისმგებლობა და გავაგრძელოთ ამ შედეგების შენარჩუნებისთვის მუშაობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები