“აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ასიმილაციას უნდა დავუპირისპირდეთ” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წარმომადგენლობის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქართულ სოფლებს კურირებენ. ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯემალ გამახარიამ ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში შექმნილ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ამასთან დაკავშირებით შემუშავებულ პროექტებზე, რომელთა რეალიზება უკვე დაწყებულია. ისევე როგორც 24 დეკემბერს ზუგდიდში, აფხაზეთის პედაგოგებთან შეხვედრაზე,  მან ამჯერადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ  თუკი 5-10 წლის წინ გალის რესურს-ცენტრის მუშაობის ტრადიციული მეთოდები საკმაოდ ეფექტური იყო, დღეს უკვე სრულებითაც არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართული მოსახლეობის ასიმილაციის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც, ჯემალ გამახარიას განცხადებით,  სულ სხვა მეთოდებით უნდა დავუპირისპირდეთ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

მსგავსი თემები