აფხაზეთსა და სამეგრელოში მცხოვრებლებს ბიზნეს იდეებს დაუფინანსებენ

„თუ თქვენ გაქვთ საინტერესო იდეა და გსურთ მისი ბიზნესად ქცევა – წარმოადგენთ იდეა საპროექტო წინადადების სახით და გექნებათ შანსი მიიღოთ დაფინანსება. მოწოდებულ იდეებს სპეციალური კომიტეტი გადაარჩევს, რომელიც პროექტის გუნდის წევრებითა და ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. სფერო და მიმართულება შეზღუდული არ არის. მთავარია, შემფასებელი გუნდი დაარწმუნოთ, რომ შემოთავაზებული იდეის წარმატებით რეალიზება შეგიძლიათ არსებული რისკების გათვალისწინებით”, – ამბობს დათო გუჩუა, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის მენეჯერი.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ცენტრი „აფხაზეთიდან“ აცნობეს, განაცხადების მიღება 20 იანვარს დასრულდება. ცენტრის ინფორმაციით, დახმარებას სამეგრელოს რეგიონსა და აფხაზეთში, კერძოდ, გალსა და ოჩამჩირეში, მაცხოვრებლები სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება – განვითარებისთვის მიიღებენ.

2019-2020 წწ. განხორციელდება პროექტი, რომელიც ორი რეგიონის (სამეგრელო, აფხაზეთი) ეკონომიკურად დაახლოებას შეუწყობს ხელს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ბიზნეს იდეა, ან სურთ არსებული საქმიანობის გაფართოება, გრანტების მიღების რეალური შესაძლებლობა ეძლევათ. დაფინანსება მოხდება დანადგარების, მოწყობილობების, მასალების შეძენის სახით. პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფს კონფლიქტით დაზარალებული თემის წარმომადგენლები არიან.

პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და ASB Georgia ახორციელებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მოსახლეობას ორი ტიპის საგრანტო დახმარებას სთავაზობს – ერთი ბიზნესის დაწყება – გაფართოებას გულისხმობს, სადაც გრანტის მოცულობა 1000-3000 დოლარამდეა; ხოლო მეორე, მცირე ვაჭრობის ხელშეწყობა გახლავთ, აქ გრანტის მოცულობა 500 დოლარია. ჯამში, 2 წლის მანძილზე 190 ბიზნეს იდეა დაფინანსდება.

დაინტერესებულ პირებს, დამატებითი ინფორმაციის მიღება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ვებგვერდზე შეუძლია: http://chca.org.ge/geo/item/622/detail?fbclid=IwAR17WxZVuYsHh3BngbdUewpoa0Uc2cF-TYt-pJUyBCxyWhINDZpWrK9yINA

მსგავსი თემები