„აფხაზეთის სოფელი, საიდანაც რუსეთმა მოსახლეობა თურქეთში „გარეკა“ რუსეთის შემადგენლობაში შევიდა – ანექსია გრძელდება (ვიდეო)

„172 ჰექტარი, სადაც მარმარილო და ტყეა მიითვისეს. ნახეს “უპატრონო” და დაეპატრონნენ, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო არის მობილიზებული ვირუსის წინააღმდეგ, რუსეთი იყენებს შექმნილ ვითარებას იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მითვისება“ – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

გამახარია გაგრის რაიონის სოფელ აივგაზე საუბრობს, რომელიც თებერვლის განკარგულებით რუსეთის შემადგენლობაში მოექცა, თუმცა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა.

„ყველამ ვიცით რა ხდება შიდა ქართლში, თუმცა ყურადღების მიღმა რჩება აფხაზეთი. რუსები პრეტენზიას აცხადებენ გაგრის რაიონის სოფელ აივგაზე, რომელიც რუსებმა წარსულში დაცალეს მოსახლეობისგან, გაყარეს თურქეთში და და როგორც თავად აცხადებენ „კრასნაი პოლიანას“ უნდა მიუერთონ. ეს საკითხი დიდი ხანია დგას. 2010 წელს ორმხრივი კომისია შეიქმნა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ვერ გადაწყდა, ამიტომ რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო ქმედება და 172 ჰექტარი მიწა მთელი სოფელი, „როს რეესტრში“ არის დარეგისტრირებული 19 თარიღით, ბრძანება კი ტერიტორიის მიერთების შესახებ გამოცემულია იანვარში, ხოლო ცნობილი გახდა 18 აპრილს.

სოხუმიდან იყო რეაგირება, თუმცა ძალიან მოზომილი. ამ დოკუმენტის მიხედვით სოფელი აივგა სოჭის რაიონს, კრასნოდარის მხარეს ეკუთვნის. აფხაზური მოსახლეობის რეაქცია არის უარყოფითი, ახლა იხსენებენ ისინი რუსეთის პოლიტიკას, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ  არაფერი მომხდარა და დავუთმოთ ტერიტორიებიო, ხშირად ასეთი ადამიანები რუსული გვარების მატარებლები არიან, თავად აფხაზები წინააღმდეგები არიან. დეფაქტო პარლამენტში გუშინ გაიმართა თათბირი ამ თემაზე, მაგრამ ხვალ ე.წ პრეზიდენტის ინაუგურაცია აქვთ და არ აწყობთ დაძაბვა. მე არ ვიცი სეპარატისტები ამას როგორ შეძლებენ, რომ მოაგვარონ. ერთადერთი გამოსავალი ეს არის, რომ ქართული მხარე აქტიურად ჩაერთვება ამ საკითხში და შესაბამისი განცხადებები გაკეთდება“ – განაცხადა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

გამახარია რუსების მიერ ტერიტორიით დაინტერესების მიზეზებზეც საუბრობს.

„რუსები კონტროლს ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2014 წლიდან ახორციელებდნენ და ამას ხსნიდნენ იმით, რომ სოჭის ოლიმპიადას საფრთხე არ შექმნოდა, თუმცა ოლიმპიადა დიდი ხანია დასრულდა და ესენი არსად არ წასულან. ეს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია, მაგრამ იქ არის ტყე და მარმარილოს საბადოებიც რუსებს, როგორც ჩანს ძალიან აინტერესებთ და ეს ტერიტორია აინტერესებთ სამხედრო თვალსაზრისითაც. საქართველოს საზღვარი ჯერ დადგენილი არ არის მთელს პერიმეტრზე, რუსეთი ამით სარგებლობს და სადაც ახერეხებს წევს საზღვარს, რომ იტყვიან “უპატრონო” ტერიტორია ნახა და დაეუფლა ამ ტერიტორიას, იქნება სერიოზული ღონისძიებების ჩატარება საჭიროდ აგრესორის შესაჩერებლა.” – განაცხადა გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში.”

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები