აფხაზეთის სამენოვანი ისტორია გამოიცა

“აფხაზეთი (საქართველო) ისტორიის საკითხები”, საკითხავი წიგნი , ასე ჰქვია ავტორების: ჯემალ გამახარიას, ლია ახალაძისა და დაზმირ ჯოჯოუას სამენოვან წიგნს, რომელიც გამომცემლობა „მერიდიანმა“ დაბეჭდა.

აფხაზეთის ისტორია უძველესი ეპოქიდან დღემდე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა წარმოდგენილი. აკადემიური ნაშრომი, რომელიც ვრცელ ბიბლიოგრაფიას მოიცავს, განკუთვნილია ისტორიის პედაგოგთათვის, უფროსკლასელთათვის და უბრალოდ, რეალური ისტორიით დაინტერესებული აუდიტორიისათვის.

ნაშრომი პოპულარულ ენაზეა დაწერილი და როგორც საკითხავი ლიტერატურა ისე იკითხება; ძირითადი აქცენტი კი გაკეთებულია პოლიტიკურ, ეთნიკურ და საეკლესიო პრობლემებზე,  ასევე, საგულისხმოა, რომ  წიგნში მოთხრობილი როგორც 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ  ჰიბრიდული ომის შესახებ, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომზე. საქართველოს ტერიტორიების ანექსიასა და ეთნიკურ-კულტურულ გენოციდზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან განხორციელდა.

წიგნში რეტროსპექტიულად  და ქრონოლოგიურად არის მიმოხილული აფხაზეთის არქეოლოგიური ძეგლები, წერილობითი კულტურის ძეგლები, საეკლესიო დანიშნულების ძეგლები და არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე მოძიებული არტეფაქტები ასევე მიმოხილულია ეპიგრაფიკული ძეგლები და ნუმიზმატიკური მასალა.

წიგნს თან ერთვის მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკა და პოლიტიკური რუკები. ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის კრიზისის დაძლევა მშიდობის მშენებლობითაა შესაძლებელი.

ნაშრომი,  პარლამენტის ბიბლიოთეკაში, ერთ-ერთმა ავტორმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ  წარადგინა.

მსგავსი თემები