“აფხაზეთის საზოგადოების პროტესტი არის გმირობა” – რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ  განაცხადა, რომ აფხაზეთის საზოგადოების პროტესტი არის გარკვეული გმირობა.

მისი თქმით, ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პირობებში, აფხაზები ახერხებენ და პროტესტს გამოთქვამენ.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს სოხუმში მიმდინარე პროცესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ დავუშვათ ამ პროცესების ესკალაცია, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უფლებები აფხაზეთში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რომელიც არსებობს. მე ვგულისხმობ, საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა იმ პარტნიორს, რომელიც არის ჩართული ჟენევის დისკუსიაში და მოლაპარაკებებში, გაერო, ეუთო, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ასევე, ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს სოხუმში, არის გამოძახილი და შედეგი, რაც ხდებოდა ბოლო 25-27 წლის განმავლობაში აფხაზეთში. ეს არის ოკუპაციის და მილიტარიზაციის შედეგი, რისი მსხვერპლიც პირველ რიგში არის აფხაზური საზოგადოება. საზოგადოება დღეს არ აპროტესტებს მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. არჩევნების შედეგებს, ისინი ზოგადად აპროტესტებენ იმ მდგომარეობას, რომელიც არის აფხაზეთში, აპროტესტებენ ოკუპაციას, მილიტარიზაციას. ეს არის ყველაფერი ოკუპაციის, რუსიფიკაციისა და მილიტარიზაციის შედეგი, რისი მსხვერპლიც პირველ რიგში არის აფხაზეთის საზოგადოება. ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის საზოგადოება ხვდება, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება აფხაზეთის ეთნოსისა და კულტურის გაქრობას, რადგან ოკუპაციის, მილიტარიზაციისა და რუსიფიკაციის პირობებში ნამდვილად აფხაზური ენა, კულტურა და ეთნოსი დგას ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ. აფხაზეთის საზოგადოების გამოძახილი და პროტესტი არის გარკვეული გმირობა იმ კუთხით, რომ ოკუპაციის, რუსიფიკაციის პირობებში ახერხებენ და აფიქსირებენ პროტესტს“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მსგავსი თემები