აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონში ცვლილებები შედვიდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მორიგი პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომა საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით ჩატარდა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებაზე იმსჯელეს.

განხილვის შედეგად, შემოიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრებისაგან“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის მე-7 მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვით „აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ“.

სესიამ, ასევე განიხილა ვახტანგ ყოლბაიასთვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ მას დეპუტატის უფლებამოსილება 2013 წლიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის გამო შეუჩერდა. დებატების შემდეგ, დეპუტატთა სრულმა შემადგენლობამ, მისთვის უფლებამოსილების აღდგენას მხარი ერთხმად დაუჭირა.

მსგავსი თემები