აფეთქებულ კორპუსში მთელი დღე გაზის სუნი იდგა – დაშავებულთა რაოდენობა იზრდება

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებლების, სადაც რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის სუნი მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანგაზს“ შეატყობინეს, ჯგუფიც გამოიძახეს, თუმცა, საეჭვო ვერაფერი დაადგინეს.

“გაზის სუნმა მთელი დღის განმავლობაში შეგვაწუხა. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩავაყენეთ. მოვიდნენ, დაახლოებით 3-4 საათისთვის, დაათვალიერეს, თუმცა, საეჭვო ვერაფერი ნახეს და წავიდნენ. განსაკუთრებით მძიმე სუნი იდგა ლიფტში“, – აცხადებენ ადგილობრივები.

აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა იზრდება. რაოდენობის ზრდას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს და ამბობს, რომ ისინი კლინიკებში ეტაპობრივად გადაჰყავთ.

​ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში 6 ბავშვია გადაყვანილი. აქედან ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი ბავშვი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. 22:00 საათის მდგომარეობით, დაშავებულია 7 და გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ავთანდილის ქუჩაზე, ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

მსგავსი თემები