აფეთქების შედეგად დაზარალებულებს გარემონტებული ბინები ჩაბარდება

​თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე, მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, საკუთარი ბინები გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდება.  

მომხდარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი, დედაქალაქის მერიამ სასტუმრო „ტეხასსა“ და „შაინში“ დააბინავა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დაზარალებული ოჯახები მოინახულა და განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, დაზიანებულ კორპუსში აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.  

კალაძის განმარტებით, ახალაშენებული შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან არანაირად არ არის დაკავშირებული კორპუსში, ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროენერგიის შეყვანა. 

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, შესაძლოა 10 ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა. სამშენებლო კომპანიამ უნდა წარმოადგინოს არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და თუ ის თანხვედრაშია უკვე განხორციელებულ პროექტთან, ექსპლუატაციაში მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება.

“კონკრეტულ კორპუსს მერიაში წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტაცია მიღებასთან დაკავშირებით, დაუდგინდა მცირე ხარვეზები, რაც გამოსწორდა. დოკუმენტები ისევ მერიაში შემობრუნდა. უახლოეს დღეებში კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების პროცესი დასრულდებოდა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სასტუმროების მფლობელებს, რომელთაც დაზარალებულ თანამოქალაქეებს დროებითი საცხოვრებელი ნებაყოფლობით დაუთმეს, თანამშრომლობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროების ადმინისტრაციამ დაზარალებული ადამიანები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეიფარა.

“სოლიდარობის გრძნობა რომ არსებობს, ეს მნიშვნელოვანია და ასეთი ადამიანები დასაფასებელნი არიან. დედაქალაქის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროის მონაცემებით, დაზარალებული 87 ადამიანი ოთხ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ, 16 იანვარს, საღამოს 9 საათზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე დაზარალდა. მომხდართან დაკავშირებით, მოქმედებს საბურთალოს გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31.  

მსგავსი თემები