“ასე კარგად თუ იცის ისტორია ახალმა პრეზიდენტმა, მივესალმები” – ისტორიკოსი ინაუგურაციაზე

​საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი, ქართველი ემიგრანტების შთამომავალი, სალომე ზურაბიშვილი გახდა. საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებში მისი კანდიდატურის მხარდაჭერა იძულებითი გადაწყვეტილება იყო, რადგან მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა. ნაწილი კი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტის სავარძელს ქალი დაიკავებს, რომელიც ევროპაში და ევროპულ ღირებულებებზეა აღზრდილი. ახალი პრეზიდენტის სურვილია, მისი ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიება თელავში, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II -ის სასახლის ეზოში გაიმართოს, რასაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ზოგისთვის ეს ფაქტი მიუღებელია მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ბაგრატიონთა შთამომავალი, ზოგი კი ამბობს, რომ გეოგრაფიული ადგილის შერჩევა პრეზიდენტის გვარიშვილობასთან კავშირში არ არის. საინტერესოა, როგორ აფასებს ინაუგურაციის თელავში გამართვის იდეას ისტორიკოსი.
“მედიაცენტრი მთავარი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ქეთევან პავლიაშვილს ესაუბრა.  

– ჩვენი მოსახლეობა დღეს, სულ სხვა რამის გამო არის გაბრაზებული. საზოგადოება მიიჩნევს რომ შეურაცხყოფილია, ამიტომ ეძებს საბაბს. არაფერი მოსწონს და მისთვის ყველაფერი მიუღებელია. ეს ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებაა. ხალხს აგრესია იმაზე კი არ აქვს, ერეკლე მეფის სასახლეში იქნება პრეზიდენტის ინაუგურაცია, თუ დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადება, ისინი ხელისუფლებაზე არიან გაბრაზებულები სოციალური პრობლემებისა თუ უსამართლობის შეგრძნების გამო. ჩვენ გვახსოვს, წლების წინ, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადება. მაშინ საზოგადოება არ განერვიულებულა, არ ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია.

– ახლა რატომ აქვთ მძაფრი რეაქცია თქვენი აზრით?

​- ახლა იმიტომ, რომ ამომრჩევლების ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელი გახდა ახალი პრეზიდენტი. მართლები არიან ისინი თუ არა, ეს სხვა საკითხია. გარდა ამისა, ძალიან მცირეა სხვაობა ზურაბიშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. თავის დროზე სააკაშვილს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ამიტომ თითქმის არავინ გაუღიზიანებია აღმაშენებლის საფლავზე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებას, მაგრამ ფაქტია, რომ შემდგომ იმავე საზოგადოებას ჰქონდა რეაქცია სააკაშვილის ტყუილებზე. ახლა, საზოგადოების იმდენად დიდი ნაწილისთვის გახდა სალომე ზურაბიშვილი მიუღებელი, რომ ეს უკვე თვალსაჩინო გახდა. ასეთი ფაქტები ისტორიულად მარტო საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში იყო, როცა განსაკუთრებულად იცავდნენ მეფეთა კურთხევის წესს, მთელი ეკლესია იყო ამაში ჩართული. ეს ხდებოდა მეფის სასახლეში, ან იმ ავტორიტეტული პიროვნების საფლავთან, რომელმაც წვლილი შეიტანა იმ ქვეყნის განვითარებაში.

– თქვენ, როგორც ისტორიკოსი, სალომე ზურაბიშვილის სურვილში, საკუთარი ინაუგურაცია მეფის ისტორიულ კარმიდამოში გამართოს, ხედავთ მის პიროვნულ ამბიციას, თუ ეს იქნება კიდევ ერთი დასამახსოვრებელი, ისტორიული ფაქტი? 

– ახალ პრეზიდენტს ამბიცია თუ ამოძრავებს, მაშინ ის ფოთში უნდა წასულიყო. მისი წინაპარი, ვისითაც ის ამაყობს, ნიკო ნიკოლაძე, გახლდათ პირველი მერი, ანუ ქალაქის თავი. რუსული ბურჟუაზიული რეფორმები, მათ შორის საქალაქო რეფორმა, მერის ინსტიტუტის შემოტანა პირველად თბილისში კი არ განხორციელდა, არამედ ფოთში და მისი განმახორციელებელი, ძალიან კარგი კუთხით, იყო ნიკო ნიკოლაძე. ამიტომ თუ ზურაბიშვილი ამას ამბიციის გამო აკეთებს, უნდა წასულიყო ფოშთი. ზოგი იმასაც ამბობდა, – დადიანების სასახლე რატომ დაიწუნაო? იმიტომ, რომ დადიანები იყვნენ მთავრები, ხოლო ერეკლე მეფე და ბაგრატიონები იყვნენ მეფეები. იმავდროულად ერეკლე იყო და დარჩება გაერთიანების სიმბოლოდ. XV საუკუნეში სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველოს გაერთიანების პირველი ინიციატორი და მისი პრაქტიკაში განმახორციელებელი იყო ერეკლე II. ასე კარგად თუ ისიც საქართველოს  ისტორია ჩვენმა ახალმა პრეზიდენტმა და სწორედ ამ თვალსაზრისით არჩევს საკუთარი ინაუგურაციისთვის ადგილს, მხოლოდ გამიხარდება. როდესაც ერეკლეს მამა, თეიმურაზ მეორე ელჩად წავიდა რუსეთში (იქ დაიღუპა), ერეკლემ უკვე ქართლიც შეიერთა. მთელი ქართლის და მათ შორის კახეთის მოაზროვნე საზოგადოება მაშინ მეფეს დაუპირისპირდა. ამის გამო, ერეკლეს წინააღმდეგ 4 აჯანყება მოაწყვეს.

– გამოდის, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს სურს საზოგადოების გამაერთიანებლის ფუნქცია იტვირთოს და ინაუგურაციის ადგილიც სიმბოლურად შეარჩია?

– რატომაც არა. დიახ, ქვეყნის პრეზიდენტმა ფიცი უნდა დადოს სწორედ დიდ პიროვნებებთან დაკავშირებულ ადგილას. ასეთი რამ, მარტო საქართველოსთვის კი, არა მსოფლიოს ქვეყნებისთვის საამაყოა. ამერიკის პრეზიდენტები ბიბლიაზე იფიცებენ, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ისტორიულად წმინდა ადგილი, სადაც ამას განახორციელებენ. თორემ როგორ ფიქრობთ, ამას არ გააკეთებდნენ? ჩვენი საქართველო კი, როგორც ძირძველი ქვეყანა, ასეთი ადგილებით მდიდარია. მეორე პრობლემაა ის, რომ თვითონ ამ ფაქტის სუბიექტი არის საზოგადოებისთვის მიუღებელი. სამწუხაროდ დღეს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება აღარ არსებობს, იმდენად სერიოზული დაღი დაასვა ქართველი ერის მენტალობას ჯერ საბჭოთა ეპოქამ, შემდეგ “ვარდების რევოლუციამ” თავისი ე.წ რეფორმებით. უსამართლობა, დაუსჯელობა ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც ყველა დროსა და ეპოქაში ებრძოდა ქართველი კაცი. მას შეუძლია იშიმშილოს, მაგრამ უსამართლობას და ღირსების აყრას ვერ შეეგუება.  არსებობენ რევოლუციონერები და არსებობენ აღმშენებლები. ქვეყნის დალაგებას და აშენებას ხისტი და სამართლიანი ხელი, დრო და ეტაპები სჭირდება.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი

 

მსგავსი თემები