“არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიულ რესურსებს არ გამოიყენებენ. 

„არ და ვერ მოხდება იმიტომ, რომ პარტია და უმრავლესობის უმრავლესობა დგას სხვა პოზიციაზე, სხვა წარმოდგენები აქვს და საარჩევნო სისტემის განსხვავებულ მოდელს უჭერს მხარს.   ამერიკული მოდელიც, შერეული მოდელიც და პროპორციული მოდელიც დემოკრატიულია. სამივე მოდელს იცნობს განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი. არის ქვეყნები, სადაც დემოკრატიით მაინც და მაინც ვერ დაიკვეხნიან , მაგრამ ამ სამიდან რომელიმე მოდელი შეიძლება იყოს. ამიტომ აპრიორი არ უნდა ვთქვათ, რომ რომელიმე მოდელი ცალსახად და უპირობოდ განმსაზღვრელია დემოკრატიულობის ხარისხის.  რა თქმა უნდა, ამერიკელებს დემოკრატიას ვერავინ ასწავლის, მაგრამ იქ განსხვავებული მოწყობაა, სხვა სისტემაა, საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გვქონოდა საპარლამენტო მოწყობის  რესპუბლიკა და აქედან გამომდინარე, საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, პროპორციული სისტემა არის სხვაზე უკეთესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მამუკა მდინარაძემ გაიხსენა საკონსტიტუციო რეფორმის მსვლელობაში პროპორციული არჩევნებისადმი ოპოზიციის დამოკიდებულება: „ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რომელიც აისახა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, იყო 2020 წელსვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მაშინ  ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ პროექტს“, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, დღეს მათი დამოკიდებულება სრულიად სხვაა. 

„ჯერ გვითხრეს, რომ გვთავაზობდნენ გერმანულ მოდელს. მიმაჩნია, რომ გერმანული მოდელის შესაბამისობაზე ლაპარაკი არის სირცხვილი.  როცა ყველა მანდატი არის პროპორციული და, ჩვენს შემთხვევაში, აქ არის მხოლოდ 77 მანდატი და  ეს ერთი და იგივეაო იძახო,  უკვე უხერხულია. მერე გრადაციით გადავიდნენ და თქვეს, რომ ეს არის გერმანულის მსგავსი მოდელი, ქართული მოდელი და რეალურად მართლა არის მსგავსება გერმანულთან. ეს მსგავსება არ გამოიხატება მთავარში, რომ აქაც, რაც შემოგვთავაზეს, მთლიანი სისტემა არის პროპორციული და მათ შორის ირჩევა პერსონიფიცირებული პირები, როგორც მაჟორიტარები ირჩევიან –  ვთქვათ, პირობითად, ნახევარი. ესეც არის პროპორციული და პროპორციული არ ნიშნავს შერეულს. აქაც იგივე ლოგიკაა, პრინციპული განსხვავება მათ შორის არ არის.   ამ პროექტის კონსტიტუციურობაზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელია  თავმოყვარე იურისტმა ხელი მოაწეროს იმას, რომ  საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე  კანონებში ჩაიწეროს სხვა რაღაცები. 

„ორი მიმართულებით საშიში პრეცედენტია ამისი დაშვება თეორიულადაც, რომ დახუჭო თვალები და  კანონში გაწერო ეს. პირველი – განაწყენებულმა პარტიამ რომ გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში, არაკონსტიტუციურად ცნობის თითქმის 100%-იანი შანსია. მეორე  –  კონსტიტუცია შენ როგორც გინდა, ისე  რომ წაიკითხო შენი ინტერპრეტაციებით, მერე წლების განმავლობაში უნდა ვისმინოთ არგუმენტები, რომ კონსტიტუციაში შერეული სისტემის განმსაზღვრელი ნორმებიც ეწერა, მაგრამ ჩვენ ხომ ასე გავაკეთეთ და ახლაც  ასე გავაკეთოთ. ეს კონსტიტუციის მოკვლას ნიშნავს. არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები