„არ შეიძლება, სს საქმე ჰაერში იყოს გამოკიდებული, პროკურატურა სხვანაირად ვერ მოიქცეოდა“ – გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძის საქმეზე

„თუ გვინდა, ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწფო, უნდა შევეგუოთ და შევეჩვიოთ, რომ ყველა უწყებამ საკუთარი ფუნქციები შეასრულოს, კომპეტენციის ფარგლებში“ – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან“ დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მუშაობას.

როგორც მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა კონკრეტული დანაშაული არსებობს, სამართალდამცავი ორგანი ვერ იმსჯელებს „ეს“ ადამიანი რომელი ფენიც წარმომადგენელია და შეიძლება თუ არა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა.

„თუ არსებობს დანაშაულია ნიშნები, ადამიანის გავლენასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული სს საქმის აღძვრა ან არ აღძვრა. ეს საქმე, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონმდებლობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით. ე.წ. ფულის გათეთრების საქმე თითქმის ერთი წელია, რაც დაწყებულია. აუცილებელია, პროკურატურას მივცეთ საშუალება, საქმე გამოიძიოს. ეჭვი, ვარაუდი, პოზიცია, ეს ის თემებია, რომელიც აუცილებლად იარსებებს ბუნებაში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქმე შეჩერდეს და ბოლომდე არ მივიდეს“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით, პროკურატურა სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა.

„ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. თუ არა გამოძიება, სამართლებრივად სხვა გზა არც არსებობს, რომ პროკურატურას სხვანაირად გაეჩერებინა ეს თემა. არ შეიძლება, სს საქმე ჰაერში გამოკიდებული იყოს. მისასალმებელია, რომ ბიზნესმენი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას და პოლიტიკურად აქტიურობას აპირებს, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ, კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიიღოს და პროკურატურას მოუწოდოს, თავი შეიკავოს“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები