„არ ღირს ამ ზეიმის დემორალიზება, ეკლესია ძალადობას ემიჯნება“ – დეკანოზი 17 მაისზე

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები 17:00 საათზე დაიწყება. საქართველოს საპატრიარქო შესაძლო ექსცესებზე საუბრობს და ყველას შეახსენებს, რომ ძალადობა ყველაზე დიდი ცოდვაა. როგორც დეკანოზმა გიორგიმ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, პროვოკაციებისგან არავინაა დაცული.

„ეკლესია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება . ძალადობა არის ძალიან მძიმე ცოდვა, ეს იქნება სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობა. რაც შეეხება ექსცესებს, რომელიც შესაძლოა განვითარდეს, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისაგან ვერავინ ვიქნებით დაზღვეულნი. ჩვენ ხშირად ეკლესიისგან ვითხოვთ იმას, რაც აბსოლუტურად სცილდება მის კომპეტენციას. ეკლესიის მისია დედამიწაზე არის ერთადერთი – ღვთის სიტყვის ქადაგება და მასთან შეთავსებული სოციალური მსახურება. ბუნებრივია, რომ ეკლესიისთვის ყველა მისი წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ისევე როგორც მისი სულის ცხონებისთვის ზრუნვა უპირველესი მოვალეობაა, თუმცა, ეკლესია ადამიანის ფიზიკურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს, ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა“ – განუცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“.

საპატრიარქო დღევანდელ ღონისძიებაზე ეპარქიებსაც ელოდება. თბილისში ჩამოსვლას მრევლი რეგიონებიდანაც გეგმავს.

“სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უძვირფასესი რამ. ქვეყნის სიყვარულიდან, პატრიოტიზმიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოების დიდი უმრავლესობა გამოხატავს სიყვარულს ოჯახისადმი და თავისი ქვეყნისადმი, რომელიც დაშენებულია თითოეულ ოჯახზე და რომლისგანაც შედეგება სახელმწიფო. არ ღირს ამ ზეიმის დემორალიზება, ეს დღე ზეიმად იქცა, სახალხო დღესასწაულია და ბევრ ადამიანს უხარია,”- განუცხადა დეკანოზმა გიორგი კიკვიძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

“მიუღებელია ადამიანის პიროვნული არჩევნის გამო, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული მოსაზრებების გამო თავის შეიკავეს ამ კონცერში მონაწილეობისგან, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვიყოთ აგრესიულები. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომელიც ჩვენი რწმენით მოგვანიჭა ღმერთმა. ამ თავისუფალი ნების გამოყენება კანონის ფარგლებში რათქმაუნდა ყველა ჩვენთაგანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ როგორც გვინდა ისე ვიქცევით. ჩვენს ცხოვრებას ან წავრმართავთ ღვთისკენ, ან მის გარეშე. ესეც ჩვენი არჩევანია. რათქმაუნდა ეკლესია მოხარული იქნებოდა რომ ყველას გვეცხოვრა ისე როგორც გვასწავლის უფალი იესო ქრისტე, მაგრამ თუ კი ადამიანი ასე არ ცხოვრობს, რათქმაუნდა ეს იყენებს თავის ფუნდამენტურ უფლებას თავისუფალი ნებისა და თავისუფალი არჩევანისა. ასე რომ ეკლესია ყველა ადამიანის მიმართ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ყოველგვარ შეურაცხყოფას და ყველას მოუწოდებს სიყვარულისკენ, მიტევებისკენ და ერთობისკენ.”

მსგავსი თემები