“არ მჭირდება არავის კვლევები, კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს აფასებს. კახა კალაძის განცხადებით, მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა და მსგავსი კვლევებისადმი ნდობა არ გააჩნია.

„ჩემი დამოკიდებულება, იცით ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. დღესაც არაფერი შეცვლილა, ისევ იმ აზრზე ვარ. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს. არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ და პირადად ჩემ მიმართ. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან, არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია, რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, კალაძის თქმით, ოპოზიციას ორჯერ მეტი რეიტინგი თუ აქვს, არჩევნები ჩატარდება და ისინი მოიგებენ.

„ვთქვათ, თეორიულად ჩავთვალოთ, რომ ეს არის სწორი კვლევა. გამოკითხულებიდან რამდენმა იცის და რამდენი ერკვევა პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის განსხვავებაში. იყო ეს კითხვა დასმული? ადამიანთან რომ მიდიხარ და რაღაცას ეკითხები, თუ არ იცის, რა პასუხი უნდა გაგცეს? თეორიულად რომ ავიღოთ, თითქოს სწორია ეს კვლევა, მაშინ, რატომ ნერვიულობენ? რა აქვთ სანერვიულო? თუ მთლიან ოპოზიციას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოზე“ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ რა ჰქონიათ სანერვიულო. მოსახლეობა გამოვა 2020 წელს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან,” – განაცხადა კახა კალაძემ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი.

მსგავსი თემები