“არ მესმის, შოთა ხაბარელი გყავდეს და მას არ უსმენდე” – ზაქარია ქუცნაშვილი

„არ მესმის, მწვრთნელს უცხოეთში ეძებდე და შინ სპორტსმენებს ემიჯნებოდე; არ მესმის, შოთა ხაბარელი გყავდეს და მას არ უსმენდე,” – ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის შეფასება ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, ქართული ჭიდაობა ქართულ დამწერლობასთან ერთად, ქართველი ერის გენიალური ქმნილებაა და სხვა დიდი ერებისგან გამოგვარჩევს.

​დეპუტატის შეფასებით, საამაყოა ის, რომ ქართული ჭიდაობის მრავალსაუკუნოვან სკოლასთან ერთად არსებობს ძიუდოს ქართული სკოლაც, რომელიც უკვე ორი საუკუნეა, მსოფლიო ძიუდოს სკოლების სამეულში შედის.

“დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე იაპონელი ერის ქმნილება ქართველებმა საუკეთესოდ შევითვისეთ. შევქმენით ჩვენი სტილი, მომზადებისა და გაწვრთნის ჩვენი მეთოდები. ბოლო დროს ყველანი ვხედავთ რომ ამ დიდ ოჯახში ვნებთაღელვაა. დაპირისპირების სიმწვავე არ ცხრება. არ მესმის როგორ შეიძლება სპორტსმენი ან გულშემატკივარი იყო და ამას გულგრილად უცქერდე. პრობლემები თავისით არ გვარდება და არც დროში ქრება. არ მესმის, შოთა ხაბარელი, ქართული ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი შემოქმედი გყავდეს და მას არ უსმენდე. არ მესმის მწვრთნელს უცხოეთში ეძებდე და შინ სპორტსმენებს ემიჯნებოდე. არავის აქვს ქართული ძიუდოს დამარცხების უფლება”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

მსგავსი თემები