“არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა” – სააკაშვილი აგვისტოს ომზე

“ჩვენ არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა, ჩვენი შიში ქრონიკული გახდა, ძალიან დაძაბულები ვიყავით”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, ისინი ომისთვის მზად არ იყვნენ.

„ჩვენ რომ არაფერი მოგვემოქმედებინა, ისინი შესაძლოა, იქვე დარჩენილიყვნენ, თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაგვაზიანებდა, რადგან სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო. ჩვენ დავუშვით სხვა შეცდომებიც. არ ვიყავით მზად – ჩვენი შიში ქრონიკული გახდა. ძალიან დაძაბულები ვიყავით. გაზაფხულზეც ძალიან ახლოს ვიყავით ომთან, მაგრამ ბევრი მედიაცია იყო. 7 აგვისტოს, ღამით ჩინეთში მივდიოდი და აეროპორტიდან ორჯერ დავბრუნდი. ოლიმპიადაზე ვაპირებდით წასვლას. დაძაბულობა ქრონიკული გახდა. მასობრივი სროლები იყო და ამიტომ დავრჩი. მერჩივნა, პეკინში წავსულიყავი “, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილის განცხადებით, მათი შეცდომა ნელა მოქმედება იყო. ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა იმაზე ფიქრით, რომ რუსეთი საქართველოში არ შემოიჭრებოდა.

„ჩვენ ამაში გვარწმუნებდნენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. ყველა ამბობდა, რომ რუსეთი არ შემოიჭრებოდა, მათ შორის კონდოლიზა რაისიც. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სხვა რამეს ამბობდა, იყო ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. რესტორანში ვისხედით მთავრობის წევრებთან ერთად. ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა მას, ბატონო მინისტრო, დაგვეხმარებით კონფლიქტურ ზონებში მშვიდობისმყოფელების განთავსებაში?, შტაინმაიერმა ჩანგალი დადო და თქვა, ბიჭებო, რომელ მშვიდობისმყოფელებზე საუბრობთ, თქვენ მალე ფართომასშტაბიანი ომი გექნებათო. ჩვენ მაინც არ ვფიქრობდით ასე, რადგან ბევრი სხვა გვეუბნებოდა, რომ ასე არ იქნებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები