“არ დაუშვათ გუნდის დასუსტება, დამიჯერეთ, ეს ბევრს გაახარებს” – ტოჩინოშინის მიმართვა ქართველ ძიუდოისტებს 

იაპონიაში მოღვაწე ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება და ქართველ ძიუდოისტებს მოუწოდებს, არ დაუშვან გუნდის დაშლა-დასუსტება, რაც ძალიან ბევრ ქვეყანას გაახარებს.

როგორც ლევან გორგაძე ინტერნეტში გავრცელებულ საკუთარ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ამ დაპირისპირებაში არ სურს დაიწყოს მტყუან-მართლის გარჩევა, რადგან მიაჩნია, რომ პრობლემა ძიუდოს ფერედაციაშივე უნდა მოგვარდეს.

​მისივე შეფასებით, საქართველოს ძიუდოს ნაკრები ერთადერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში და ქართველმა ძიუდოისტებმა არ უნდა დაუშვან მისი დასუსტება.
ტოჩინოშინი სთხოვს თანამემამულეებს, ნუ გახდებიან მტრების დასაცინი.

“მეც ძიუდოისტი ვიყავი და თქვენთან ერთად ვისწავლე ძიუდოს და სპორტის  სიყვარული. პირადად მე ორი ტელევიზიიდან დამირეკეს და მთხოვეს მესაუბრა ქართულ ძიუდოზე.  ვერ დავიწყებ მტყუან-მართლის გარჩევას. ჩემი თხოვნა იქნება, მოუგვარებელი არაფერია, ნუ გავხდებით სხვადასხვა ქვეყნების დასაცინი. დამიჯერეთ, ყველას გაუხარდება ქართული ძიუდოს დასუსტება, გუნდის დაშლა. მე ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი ერთადერთი საუკეთესოა ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში, მთელს მსოფლიოში. ჩემი თხოვნა იქნება მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და ერთმანეთის შრომა. ამდენი წლების შრომას და ავტორიტეტს ნუ გავაფუჭებთ და ნუ გავხდებით მტრების დასაცინი”, – აცხადებს ტოჩინოშინი.

ლევან გორგაძე ქართულ ძიუდოს და ძიუდოისტებს უსურვებს წარმატებას და ერთობას, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელონ საქართველო.

​ტოჩინოშინმა თავის ვიდეომიმართვაში ქართველ გულშემატკივარსა და ყველა თანამემამულეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ ამ დღის მილოცვისთვის.

ქართველი ძიუდოისტი ლევან გორგაძე, რომელსაც იაპონიაში ტოჩინოშინი შეარქვეს, უკვე 14 წელია ტოკიოში მოღვაწეობს და საქართველოს სახელით ასპარეზობს.

მსგავსი თემები