„არ გამოცადო უფალი შენი, იესოს – ამ სიტყვებით მოგიწოდებთ ყველას დარჩით სახლში“ – დავით ოქიტაშვილი

კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი მოსახლეობას მიმართავს. ოქიტაშვილი სავარაუდო საფრთხეზე საუბრობს და საზოგადოებას ურჩევს საღმრთო მსახურებას ტელევიზორში უყურონ.

„ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! საქართველოს კულტურის პალატა მხარს უჭერს ექიმებს, პატრულს, ჯარისკაცებს და ყველა იმათ, ვინც წინა ხაზზე იბრძვის უხილავი მტრის წინააღდეგ! ქრისტეს სიყვარული და თაყვანისცემა საკუთარ სახლში, სალოცავ კუთხეში ლოცვისას ზუსტად ისევე შეგვიძლია, როგორც ტაძარში. აქ მთავარი გული და რწმენაა. ,,არ გამოცადო უფალი შენი”, იესოს ამ სიტყვებით მოგიწოდებთ ყველას, დავრჩეთ შინ და იქ ავუნთოთ სიყვარულის სანთლები უფალს. ლიტურგიას ვუყუროთ ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ ის სიხარული, რაც უფლის აღდგომას ახლავს. უფალმა თავის მოწაფეებს შეგონებად ეს მცნება დაგვიტოვა: ,,შეიყვარეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ”.

მოდით, ახლა მაინც ისე შევიყვაროთ ერთმანეთი, რომ არ გავხდეთ არცერთი ადამიანის ტრაგედიის პირველწყარო. ჩემო მაგარო ხალხო!!! – გემუდარებით დავრჩეთ სახლში და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ოჯახების წევრების, ჩვენი შვილების და სულიერი და-ძმების სიცოცხლე“ – აცხადებს ოქიტაშვილი.

მსგავსი თემები