„არ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, გამოიყენეს მარტო წყლის ჭავლი“ – სიმონ ნოზაძე

„როგორც კი დაიწყეს ქმედებაზე გადასვლა, აქციას ყველა პოლიტიკური ძალა გაეცალა. პოლიციას სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა, ეწარმოებინა სპეციალური საშუალების გამოყენება“ – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“  გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სამართალდამცველები როგორც კი ქმედებაზე გადავიდნენ, პოლიტიკური ლიდერები ადგილზე არ იყვნენ.

„22-მა პარტიამ შეძლო მხოლოდ 6 ათასამდე მომხრე მიეყვანა აქციაზე. ანუ, თითო პარტიამ, დაახლოებით 250-300 კაცი მიიყვანა. „ნაციონლური მოძრაობის“ ხელწერად გადაიქცა ძალადობრივი ფორმების გამოყენება. როგორც კი იგრძნობს, რომ ვიღაცამ პროტესტი გამოთქვა და შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, იმ წუთას ცდილობს თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. გუშინ, როგორც კი დაიწყეს ქმედებაზე გადასვლა, მაშინვე ყველა პოლიტიკური ძალა გაეცალა აქციას“, – განაცხადა დეპუტატმა გუშინ, პარლამენტის მიმდებარედ განვითარებული პროცესების შეფასებისას.

მისივე განცხადებით, პოლიციას ყველანაირი ლეგიტიმაცია გააჩნდა, სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა.

„გუშინ არცერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი მათ გვერდით აღარ იდგა. დარჩნენ მხოლოდ მათი აქტივის ამარა. ეს იყო გაყვანის ოპერაცია უკიდურესად რბილი მეთოდების გამოყენებით. არ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, გამოიყენეს მარტო წყლის ჭავლი. ნოემბრის თვეში წყლის ჭავლის გამოყენება სათანადო ეფექტი მოჰყვება, მაგრამ მათ 30 წუთიანი დრო მისცეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. პოლიციას სრული ლეგიტიმაცია ჰქონდათ ეწარმოებინა სპეციალური საშუალების გამოყენება“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები