“არ გამოვრიცხავ, ოკუპანტებს ხელს აწყობდეს აფხაზეთში ვირუსის გავრცელება, რაც მეტ ადამიანს მოიშორებენ, მათთვის უკეთესია” – ჯემალ გამახარია

“აფხაზეთში, ადგილობრივი ექიმები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი იქ არის. ამას არავინ აღიარებს. ამის დაგდენა არ შეუძლიათ. სპეციალისტები არ არიან. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობა დაავადებულია”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.

“სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ოკუპანტები ამას სპეციალურად აკეთებდნენ. მათ დიდი ხანია აფხაზი ხალხი ნერვებს უშლის და რაც უფრო მეტ ადამიანს მოიშორებენ ამ ვირუსის დახმარებით, მით უკეთესია მათთვის. მე ამის ძალიან დიდი შიში მაქვს. ამას თვითონ აფხაზებიც გრძნობენ. ყვირიან, გაიძახიან, რომ ჩვენ ვართ უპატრონოდ, ყველასგან მიტოვებული. დიდი განსაცდელის წინაშეა აფხაზეთი”, – აღნიშნა გამახარიამ.

როგორც გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ​ოკუპანტი დაინტერესებულია, რომ სიტუაცია აფხაზეთში გახდეს უკონტროლო და გავრცელდეს კორონავირუსი.

“რაც უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება, მით უფრო გახდება აფხაზეთი რუსეთზე დამოკიდებული. რუსეთი ყოველთვის ასეთ ვითარებაში პოლიტიკური ინტერესები აინტერესებს და არა აფხაზი ხალხის ბედი. მე ვუერთდები განგაშს, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა ატეხილი, აფხაზეთის საზპოგადოებსი მიერ. ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ აფხაზი ხალხი და ყველა ეროვნების ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, განსაკუთრებით, გალის რაიონის მოსახლეობა არის უდიდესი საფრთხის წინაშე. მათი მშველელი იქ არის მხოლოდ ქართული სახელმწიფო, რომელსაც სამწუხაროდ, შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს აუცილებელი ზომები ადამიანების გადასარჩენად.

მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, რუსები დარწმუნებული არიან, რომ თუ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდება და იძულებულები იქნებიან ეს აღიარონ, ამ შემთხვევაში, საქართველო თავის მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ყველაფერს იღონებს, რომ ადმინისტრაციული საზღვარი გაიხსნას და ადამიანებს მიეცეთ აქეთა საქართველოში მკურნალობის საშუალება. ამის იმედზე არიან როგორც აფხაზების დიდი ნაწილი, ასევე გალის რაიონის მოსახლეობა.”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები