“არც ტურისტების მატებას და არც კლებას რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსის ცვალებადობასთან” – დავით ჭიჭინაძე

“ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი, სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე – თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილურ განწყობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ლარის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.

ჭიჭინაძის განცხადებით, ტურისტების რაოდენობის კლებას ლარის კურსის ცვლილებასთან კავშირი არასდროს ჰქონია, ვინაიდან, დეპუტატის თქმით, ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი ჩამოსულა.

“ამ მოვლენებმა სწორედ მთავრობის სისუსტე და ერთმანეთისადმი უნდობლობა დაგვანახა. არ იციან ვის სად, ან როდის წაუცდება ფეხი და არც ის არის გამორიცხული, ზოგი გაქცევასაც ფიქრობდეს. ფაქტი ერთია, ამ ხელისუფლების ხელში დოლარი პრაქტიკულად გაორმაგდა. ჩვენს ხელისუფლებას კი, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. სახელდება: ტურისტების კლება, გარე შოკი, გარე ფაქტორი. მოკლედ, თავად არასოდეს არ არიან დამნაშავეები და ფინალში ისიც კი გამოდის, რომ დამნაშავე თვითონ ლარია. არადა, არც ტურისტების მატებას და არც კლებას, ამ ქვეყანაში, რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსის ცვალებადობასთან. ეს ელემენტარული უცოდინრობაა, რადგან ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ყოფილა ტურისტების დიდი მოძალება. ამიტომ, არამგონია ამ ფაქტორების დასახელება სიმშვიდეს იწვევდეს მოსახლეობაში, უფრო პირიქით”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები