“არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერად – ერთით ერთი” – ნინო ბურჯანაძე

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.

მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა ახლა ოპოზიციის ამოცანა კოორდინირებულად მოქმედებაა, რათა არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს.

„მივიდეთ არჩევნებამდე და ვნახოთ, როგორ იქნება მოსახლეობის განწყობა. საკუთარ თავზე ლაპარაკი ზოგადად მაინცდამაინც კარგი არ არის, თუმცა პოლიტიკოსები დიდი თავმდაბლობით არ გამოირჩევიან. შეგიძლიათ, გადაავლოთ თვალი იმ სავარაუდო კანდიდატებს, ვინ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და ვფიქრობ, ელემენტარული აღნიშვნებით კომპეტენციის, გამოცდილებისა და სხვა იმ კრიტერიუმებით, რაც სჭირდება ამ თანამდებობას, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ვინ შეიძლება იყოს საუკეთესო კანდიდატი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პრემიერის პოსტზე ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

„არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთით ერთია. ჩვენი ამოცანა არ არის ერთმანეთისთვის პრემიერ-მინისტრობაზე მხარის დაჭერა, უპირველეს ყოვლისა ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რათა არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ოპოზიციური მაგიდის ირგვლივ მყოფ ყველა პარტიასთან, მათ შორის „ევროპულ საქართველოსთანაც“. ასე რომ, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრობისთვის არ ვიჩხუბებთ, გარწმუნებთ“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მსგავსი თემები