არც გედის, არც ნუკრის და არც ეკას მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ აკლიათ – მირიან წიკლაური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ ისინი ვინც, მმართველი გუნდიდან გასვლის შესახებ განცხადებებს ხშირად აკეთებენ და საკუთარ განსხვავებულ მოსაზრებებს ღიად გამოხატავენ, ამას მედიის ყურადღების მისაპყრობად არ აკეთებენ. ერთ მათგანი ჩრდილში არ იმყოფება, ისინი საკმაოდ პოპულარული ადამიანები არიან, არც მედიის ყურადღება აკლიათ და ხელოვნური თემების გამოგონება არ სჭირდებათ, იმისთვის, რომ მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ.

“არც გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, ეკა ბესელიას და არც ნუკრი ქანთარიას მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ აკლიათ. ვერ დავეთანხმები ამ აზრის ავტორს”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის დაფარული არ არის, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის, უვადო მოსამართლეების თემაზე და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

“მიმდინარეობს აზრთა შეჯერება, კამათი, ზოგ შემთხვევაში გარკვეული კორექტულობის ფარგლებსაც სცდება, მაგრამ ეს ცოცხალი პროცესია. ჭეშმარიტება და სწორი გამოსავალი, აზრთა მრავალფეროვნებაში იბადება. თავისთავად არსებობს მომენტები, როცა გუნდის წევრები საერთო დასკვნამდე ვერ მიდიან და მაშინ ერთ-ერთი იძულებულია დატოვოს გუნდის ის ნაწილი, რომელსაც ის არ ეთანხმება”, – აცხადებს მირიან წიკლაური. 

მისივე შეფასებით, ეკა ბესელიამ, რომელსაც ძალიან ბევრი დამსახურება აქვს პარტია “ქართული ოცნების” შექმნაში და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია, როგორც ჩანს ვეღარ ნახა გუნდში ის რესურსი, რომ გაეგრძელებინა ურთიერთობა.

“ეკა ბესელიას ჩემზე მეტი შრომა აქვს გაწეული ამ გუნდში, ბოლოს და ბოლოს ის დამფუძნებელია, ამის გამო პარტიის თავმჯდომარე მისი ძალიან მადლიერია. რაც შეეხება გუნდის წინააღმდეგ წასვლას, შესაძლოა ის გარკვეულ საკითხში წავიდა წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენ საკითხზეც დაპირისპირებაში იმყოფება. ეკამ ვეღარ ნახა ურთიერთობის გაგრძელების რესურსი”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მთავარში”. 

მსგავსი თემები