არჩილ ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულები ინტერპოლით იძებნებიან

არჩილ ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებული, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი, ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გურწიევი და ტაბოევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილებად 13 სექტემბრიდან ითვლებიან. იმ შემთხვევაში თუ, ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში აღნიშნული პირების იდენტიფიცირება მოხდება, ქართული მხარე ყველა აუცილებელ ღონისძიებას გაატარებს მათი საქართველოში ექსტრადიციის, დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად.

აღსანიშნავია, რომ დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, სასამართლოსგან ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა.

​გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად.

მსგავსი თემები