არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი შესრულდა – წილკანში მისი სახელობის სკვერი გაიხსნა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი შესრულდა. ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე ცხინვალში ახალგორიდან გადაიყვანეს და წამებით მოკლეს. მისი სახელის უკვდავსაყოფად დღეს წილკანში,  სადაც ტატუნაშვილების ოჯახი ცხოვრობს, სკვერი გაიხსნა.

მოგვიანებით, ყოფილი სამხედროს ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მის საფლავზე, მუხათგვერდში ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები შეიკრიბნენ. მათ საფლავი ყვავილებით შეამკეს.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 36 წლის გახდებოდა. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. დამნაშავეები, ვინც მას მოუსწრაფა სიცოცხლე და ოჯახსა და თითოეულ ჩვენგანს ეს თარიღი ტრაგედიად უქცია, ჯერ კიდევ დაუსჯელი არიან. დღესაც ჩვენი დელეგაცია ჟენევაში და სახელმწიფო მთლიანად, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ამ მკვლელობის დამნაშავეები დაისაჯონ და მომავალში აღარ ხდებოდეს ის, რაც ხდება ოკუპაციის პირობებში, მივაღწიოთ მიზნებს მშვიდობიანად, რასაც შეეწირა არჩილ ტატუნაშვილი, ოთხოზორია, ჯერ კიდევ გამოსაძიებელი გვაქვს ირაკლი კვარაცხელიას საქმე, დათო ბაშარული და უამრავი ჩვენი ახალგაზრდა, შეიარაღებული დაპირისპირებების, რუსული აგრესიის დროს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

“რაც დრო გადის უფრო და უფრო აუტანელი ხდება ჩემი შვილის გახსენება. აუტანელია ის, რომ არცერთი დამნაშავე დასჯილია არაა, ხელი არ მიუწვდება ჩვენს მთავრობას დამნაშავეებზე. კი არიან მიცემული პასუხისგებაში, მაგრამ რა აზრი აქვს, დადიან თავისუფლად,”- განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. 2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.

მსგავსი თემები