არჩილ თალაკვაძე: „ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება“

ქართული ოცნების წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ ამ ინტერვიუთი საზოგადოებას ყველა კითხვაზე ამომწირავი პასუხი გასცა.  

„პრეტენზიები ისმოდა ანაკლიის პროექტზე, აღმოჩნდა, რომ არათუ სუბიექტური ინტერესი, პირიქით, კაპიტალს ჩუქნიდა ანაკლიას. 9 აპრილს საზოგადოებას გაერთიანებისკენ ოუწოდა და ვიღაცამ თქვა არჩევნებს უკავშირდებაო, – არადა, არჩევნები  წელიწადნახევრის შემდეგ არის. სამეგრელოში ჩასვლაც და საზოგადო საქმის მხარდაჭერაც არჩევნებს დაუკავშირეს, თუმცა მანამდე სამმა არჩევნებმა ჩაიარა… და თუ არჩევნებს უკავშირდება ეს საკითხები, ისაუბრეთ თქვენც, ბატონებო, ამ თემებზე, ვინ აგიკრძალათ?!“ – მიმართა თალაკვაძემ ოპონენტებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა არა ზერელედ, არამედ კონკრეტულად, არგუმენტებით, ციფრებით, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

„სასამართლოზე მოიყვანა კონკრეტული მონაცემები, რომელიც უდავოა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადამოწმებული აქვთ: გადაწყვეტილებები მოქალაქეების სასარგებლოდ მკვეთრად გაზრდილია,  სტრასბურგის სასამართლოში კომუნიცირებული საჩივრები მკვეთრად შემცირებულია. ეს აშკარაა წინსვლაა,“ – აღნიშნავს თალაკვაძე.

თალაკვაძემ ივანიშვილის გამოსვლიდან ყურადღება გაამახვილა ასევე რეგიონში საქართველოს მნიშვნელობაზე, როლსა და სტატუსზე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გამოკვეთა ყველა ის მიღწევა, რაც „ქართული ოცნებამ“ შემატა ქვეყანას. თალაკვაძე თვლის, რომ მისი საჯარო გამოსვლა დროული იყო, რადგან საჭიროა, საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ხელისუფლება მის ინტერესს იცავს და მისთვის მუშაობს.

„დღეს უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ევროკავშირთან პროგრესი გვაქვს, აშშ-სთან მტკიცე მეგობრობა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომი, ტურიზმი 3-ჯერ გაზრდილი, განათლებაში კი უპრეცედენტო ინვესტიცია კეთდება. მეტი გვჭირდება? დიახ, გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები