არჩილ თალაკვაძე: „ადამიანი დღეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება ჩვენს სახელმწიფოში“

„ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა იყო და არის ადამიანის უფლებები, თავისუფლების და ღირსების დაბრუნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის,“ – ასე დაიწყო თავისი მიმართვა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე.

მან შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაწეული საქმიანობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჭიათურის მომავალი ნამდვილად ყველა თაობის საზრუნავია. 2012 წლიდან, პირველი, რაც თქვენი მხარდაჭერით და ძალისხმევით გაკეთდა, ის იყო, რომ ადამიანი გახდა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენს სახელმწიფოში. ადამიანი დღეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება ჩვენს სახელმწიფოში,“ – განაცხადა მან.

მანვე ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სისტემის კურსზეც. მისი განმარტებით, ის ხარჯები, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს ჰქონდა ჯანდაცვის სფეროში, უმეტესი ნაწილი სახელმწიფომ აიღო თავის თავზე, გაფართოვდა სერვისები, გაიხსნა ახალი კლინიკები. თალაკვაძე შეეხო ენერგიტიკურ სექტორსაც.

„ენერგეტიკის სექტორში 20 ახალი ელექტროსადგური აშენდა თქვენი მხარდაჭერით ჩვენი ხელისუფლების პირობებში. წინა მთელ პერიოდში მხოლოდ ერთი ახალი ელექტროსადგური იყო აშენებული. გაიზარდა ვაჭრობა და ექსპორტი. თუნდაც ის რად ღირს, რომ საქართველომ გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და დღეს პრაქტიკულად ეს ხელშეკრულებები ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, ჭიათურაში წარმოებული პროდუქციაც ითვლება და მიღებულია ევროპულ ბაზარზე.  თუნდაც ის რად ღირს, რომ საქართველოს ექსპორტზე გააქვს 80 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო, როდესაც ეს მაჩვენებელი 30 მილიონს არასდროს აჭარბებდა,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მან გამოყო საბაგირო სისტემის სრულყოფა ქალაქში. აღნიშნა ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ეევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების. თალაკვაძის თქმით, ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კითხვის ნიშნები ოპონენტებსაც კი არ აქვთ.

„ეს მიღწევები საერთაშორისო შეფასებებშიც კი არის ასახული. 2020 წლამდე და შემდეგ „ქართული ოცნება“ თქვენი მხარდაჭერით გააკეთებს მასშტაბურ, ისტორიულ და უპრეცედენტო ინვესტიციას განათლების სექტორში. ჩვენ ვდებთ პირობას ,რომ ქვეყნის ბიუჯეტის დიდი ნაწილი – მეოთხედი დაიხარჯება განათლების სისტემაზე. ეს არის ახალი სკოლები, გაზრდილი ხელფასები პედაგოგებისთვის, უფრო ხარისხიანი განათლება და სასწავლო პროგრამები,“ – განაცხადა ირაკლი თალაკვაძემ.

და ბოლოს, უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის მცდლობისა და აქტიურობის მიუხედავად, ამომრჩეველს მშვიდი და საქმიანი პოლიტიკის გატარებას დაჰპირდა რეგიონში.

მსგავსი თემები