“არჩევნები გასცემს ყველაფერს პასუხს” – გია ვოლსკი

„წალეკა საინფორმაციო ველი ფეიკ ნიუსებმა. არ ვიცი, რამდენად ფასდება ეს ყველაფერი საზოგადოებაში, მაგრამ მგონია, რომ არჩევნები გასცემს  ყველაფერს პასუხს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს ტყუილებს.

„თურმე სესხი ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდისთვის გვინდა. ამაზე უზნეო ტყუილი არ არსებობს დღეს შექმნილ ვითარებაში. თურმე პოლიციელებმა ჩვილი ბავშვის გადაგდება გადაწყვიტეს ნაგვის ურნაში. ამაზე მთელი გადაცემა იყო აგებული და პატარა ბავშვები გამოიყენეს იმისთვის, რათა თავისი ეს ბინძური პიარ განზრახვა მოეყვანათ სისრულეში. ჯარში შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით – უზნეო ტყუილი და მგონი, პარასკევს კიდევ გვექნება ამასთან დაკავშირებით სასაუბრო. თურმე პრემიერ-მინისტრი არა მარტო უნდა გადადგეს, ოპოზიციური პარტია უნდა შექმნას. შეტევა ჯანდაცვის მინისტრზე – მიხვდნენ, რომ ექიმებზე შეტევა არ არის პოპულარული და ახლა ჯანდაცვის მინისტრზე გადმოერთნენ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა მეზობელ ქვეყნებში, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზეც და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა გვერდში დაუდგეს იმ ხალხს, რომელთა წარმომადგენლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ.

„საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში და განსაკუთრებით გვაღელვებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა – სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში. განვიცდით ემოციურადაც და  ვაფასებთ იმ მდგომარეობას, რომელიც მთლიანად მსოფლიოშია შექმნილი.  უნდა იცოდეს ყველამ, რომ თუკი რაიმე პატარა, მცირე რესურსი მაინც გაგვაჩნია, მზად ვართ გვერდში დავუდგეთ იმ ხალხს, რომელთა წარმომადგენლები ჩვენს ტერიტორიაზეც ცხოვრობენ და ერთად ვეწევით ამდენი ხანია საქართველოს მოქალაქეობის ღირსეულ ვალდებულებას“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

იგი გამოეხმაურა დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიასაც და აღნიშნა, რომ ეკლესიასა და პატრიარქზე შეტევა უკიდურესად დამაზიანებელია, თუმცა, არანაკლებ დამაზიანებელია ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არასწორად, უსაფუძვლოდ დაუპირისპირო ეკლესიას.

„ ეს არ არის სწორი, ეს არ არის სახელმწიფოებრივად გამართული პოზიცია და არც სასულიერო პირები ამას არ იზიარებენ.  წესები დაიცვეს, მიყვნენ იმ ინსტრუქციებს, სხვაზე უკეთესად დაიცვეს კიდეც და სწორედ ამან გადაარჩინა საზოგადოება იმას, რომ არ ყოფილიყო ახალი პროპაგანდისტული ვაკხანალია“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

მსგავსი თემები