„არსებულ მთავრობას ტემპი აკლია, ახალ მთავრობაში ტემპის აკრეფა შესაძლებელია“ – ზვიად ძიძიგური

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური არსებული მთავრობის მუშაობის ტემპს იწუნებს.

როგორც ძიძიგურმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა, გადახალისებულმა მინისტრთა კაბინეტმა სწორედ ტემპი უნდა აკრიფოს.

„სამინისტროების შემცირება არ არის მნიშვნელოვანი და მთავარი გამოწვევა. მთავარია ეფექტური სერვისების არსებობა. მაგალითად, თუ რომელიმე მოქალაქეს სურს აუქციონზე შეიძინოს მიწის ნაკვეთი, პროცედურების დაწყება და დამთავრება მაქსიმალურად მინიმალური უნდა იყოს, ბიუროკრატია შესამცირებელია. ეს მთავრობას გაცილებით მობილურს გახდის და დააჩქარებს ეკომონიკის ზრდას. პრემიერ მინისტრის ხედვა იმას კი არ გულისხმობს რომ ადამიანები 2 სამინისტროდან ერთში გადავიყვანოთ, არამედ, სერვისების ხელმისწავდომობასა და კომფორტს“, – აღნიშნა ძიძიგურმა „მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით, ბიუჯეტიდან 120 მილიონი ლარის დაზოგვა ეკონომიკის ზრდით უნდა მოხდეს. კერძოდ, „ამ თანხის გამოთავისუფლება მოხდება ეკონომიკური მხრიდან. ეკონომიკური ზრდიდან მიღებული შემოსავლები იქნება მიმართული სოციალური მიმართულებით. ხარჯების შეკვეცა არ იგეგმება, მაგრამ გაზრდილი ეკონომიკის პირობებში ეკონომიკას უფრო მეტი მომსახურება სჭირდება“.

„მთავარის“ კითხვაზე, არსებული მინისტრთა კაბინეტი თუ არ შეიცვლება, არსებული ხელმძღვანელებით მთავრობა ეფექტურობას როგორ მიაღწევს, ძიძიგური აცხადებს: „ლოგიკური კითხვაა, ამიტომ, შედეგთან მისვლა შესაძლებელია უფრო აქტიური და უფრო ინტენსიური მენეჯმენტით, რომლის განხორციელებასაც პრემიერ-მინისტრი აპირებს. საკადრო კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გეტყვით, რომ არსებული ბიუროკრატია უფრო სწრაფი და ეფექტიანი უნდა გახდეს. ყველა აღიარებს, რომ უფრო ეფექტიანი და მოქნილი სტრუქტურები გვჭირდება. შესაძლებელია, უფრო მეტი ტემპის აკრეფა. ახალი მთავრობა ამ მიმართულებით აპირებს მუშაობას.“

მსგავსი თემები