არსებობს ირიბი მტკიცებულება, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება – სიმონ ნოზაძე ​

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს მისთვის მისაღებია და მხარს დაუჭერს.

როგორც დეპუტატმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ თავად ზურაბიშვილს ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, არსებობს ირიბი მტკიცებულებები, რომ შესაძლოა თავისი კანდიდატურა დააყენოს.

“იმ შემთვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” არ წარადგენს საკუთარ კანდიდატს, მხარს დავუჭერ ზურაბიშვილის კანდიდატურას. მასთან პირადი ნაცნობობა არ მაქვს, პარლამენტში გავიცანი, ერთ კომიტეტში ვმუშაობდით, ვიცი მისი განათლების, კულტურისა და ერუდიციის შესახებ, ასევე ვიცი რას ფიქრობს ის სახელმწიფო მოწყობაზე და როგორია მისი დამოკიდებულება ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – აცხადებს დეპუტატი სიმონ ნოზაძე.

მისივე თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დადებითად აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, ამბობს, რომ უმრავლესობაში ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, უნდა ჰყავდეს თუ არა მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი.

“ჩემი პიროვნული დამოკიდებულება მაძლევს იმის საშუალებას, რომ თავისუფალი დროის ხარჯზე დავეხმარო ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს, თუ ის ამას მთხოვს. ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, თუმცა, მიმაჩნია, რომ ის გაცილებით დემოკრატიული პიროვნებაა, ვიდრე მასმედია ქმნის მის გარშემო განწყობას, ის რომ ბიძინა ივანიშვილი ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს, ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც არ არის სულერთი”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები