არსებობს თუ არა კავშირი “ლურჯ ვეშაპსა” და საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობას შორის (?)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევის და დანერგვის განყოფილების უფროსის, ივანე კაციტაძის განცხადებით, საქართველოში, მოზარდების თვითმკვლელობის, ან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტები ინტერნეტთამაშ “ლურჯ ვეშაპს” არ უკავშირდება. ამ თამაშს არ აქვს არც ინტერნეტაპლიკაციის, არც ვებგვერდის სახე და წარმოადგენს მხოლოდ ფსიქოლოგიური დომინანტის დომინირებას სუსტ მსხვერპლზე.

მოზარდების თვითმკვლელობის თემაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც პარლამენტის წევრებმა შსს-ს წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მოისმინეს.
მათი განმარტებით, მოზარდების თვითმკვლელობას და თვითმკვლელობამდე მიყვანის ​​ყველა შემთხვევა შესწავლილია.

როგორც სხდომაზე კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა, გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა, სასიკვდილო ინტერნეტთამაშებთან დაკავშირებით გამოძიება 2017 წლის 30 მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. გამოძიების დაწყება კი კონკრეტულად ინტერნეტთამაშ “ლურჯი ვეშაპის“  შემქმნელების მხრიდან არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებს  უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, ჩატარდა საკმაოდ მასშტაბური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც შსს-ს წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობდნენ განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურთან, შედეგად ძალოვან უწყებაში უამრავი კონკრეტული შეტყობინება სწორედ, მანდატურის სამსახურებიდან შევიდა. გამოძიების ფარგლებში ასევე, გამოიკითხა რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, მათი მშობლები, ახლობლები, ის პირები, ვისაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონოდა ან სცოდნოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით.

“მას შემდეგ რაც, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენთან მიმდინარეობდა გამოძიება, განცხადებით მოგვმართავდნენ მშობლები, დაინტერესებული პირები, ოჯახების ახლობლები. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დადასტურებულა“, – განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, თამაში “ლურჯი ვეშაპი” არსებობს და ის ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად იყო გავრცელებული რუსეთის ფედერაციაში და დღემდე მხოლოდ ორი პირი – თამაშის შემქმნელი და ერთ-ერთი მენტორია დაკავებული. მათი ბრალეულობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.

 

მსგავსი თემები