“არსებობს გამოთქმა “გიჟი თავისუფალია”, თუმცა დემოკრატია ლაპარაკი არ არის” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ისნის რაიონში დავით ჭიჭინაძე NDI კვლევის იმ ნაწილს არ იზიარებს, სადაც საუბარია მაჟორიტარ დეპუტატებზე. კერძოდ, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% საკუთარ მაჟორიტარს არ იცნობს.

“62% კი არა, ჩემს რაიონში 1%-იც კი არ არსებობს, ვინც არ მიცნობს. ჩემი ბიურო 24 საათი ღიაა, შესაბამისად ვემსახურები ჩემს ხალხს. პარლამენტში გაცილებით ნაკლებ დროს ვატარებ ვიდრე ბიუროში. ყოველდღე პრაქტიკულად 4-5 საათი ბიუროში ვმუშაობ და ჩემს რაიონში ფეხითაც დავდივარ. ძალიან კარგი რაიონი მაქვს, ძველი თბილისი და იქ სიარული სასიამოვნოა,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

რაც შეეხება კვლევის იმ ნაწილს, სადაც ქვეყნაში არსებულ დემოკრატიაზეა საუბარი, დეპუტატის თქმით, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, შესაძლოა, ამ სიტყვის მნიშვნელობა სწორად არ ესმოდეთ: „გააჩნია, ვინ რას თვლის დემოკრატიად. დემოკრატია, ზოგადად, კარგ და ბედნიერ ცხოვრებასთან ასოცირდება. მართალია, არსებობს გამოთქმა “გიჟი თავისუფალია”, რაც გინდა ილაპარაკე, თუმცა, დემოკრატია მხოლოდ ლაპარაკი არ არის. დემოკრატია არის შრომის უფლებები, სოციალური უზრუნველყოფა, ეს დონე ჩვენთან საკმაოდ დაბალია. ვფიქრობ, რომ ამ ნაწილშიც ალბათ არის ჭეშმარიტება. ვინ როგორ აღიქვამს დემოკრატიას, ეს ყველაფერი მაინც უფრო სუბიექტურია, ვიდრე ობიექტური,”- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

NDI კვლევით, გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

მსგავსი თემები