არის მცდელობა, რომ ანაკლიის პორტი და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუკავშირონ – მაია ცქიტიშვილი

“არის მცდელობა იმისა, წარმოვაჩინოთ თითქოს მამუკა ხაზარაძე ტოლია ანაკლიის პროექტის, რაც არ არის სწორი. მთელი პათოსი მისი და კონსორციუმის მხრიდან მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში ტრიბუნაზე დგომა”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა „ფორბსის კვირაში“ განაცხადა, სადაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა.

მისი თქმით, ხაზარაძისა და ანაკლიის პროექტის ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობა თვითონ მამუკა ხაზარაძის მხრიდან არსებობს, ხოლო რაც შეეხება ბიზნესმენის წერილს, რომელიც მან თითქოს ცქიტიშვილს შეხვედრის მოთხოვნით გაუგზავნა, მინისტრი აღნიშნავს, რომ ასეთი წერილი მას არ მიუღია.

„მცდელობა არის იმისა, რომ წარმოვაჩინოთ თითქოს მამუკა ხაზარაძე ტოლია ანაკლიის პროექტის, რაც ასევე არ არის სწორი. მთელი პათოსი მისი და კონსორციუმის მხრიდან მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში ტრიბუნაზე დგომა, ეს არის უამრავი საჯარო ღონისძიება, ეს არის უამრავი მედიაკამპანია, რომელიც ამ მიმართულებით ვითარდება და რომლის ინიციატორიც, სამწუხაროდ, კონსორციუმი იყო და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე პასუხად, მთავრობის მხრიდან ობიექტური რეალობა და სიმართლე ისმის, სამწუხაროდ, შემდეგ ეს, მათ შორის, ჩემგან წარმოჩენილია პროექტის დისკრედიტირების მცდელობად.

არ დაგიმალავთ და ბევრი ვიფიქრე, მოვსულიყავი თუ არა თქვენთან ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება თქვენგან ბევრად ადრე მქონდა, ვიდრე პარლამენტში აღმოვჩნდებოდი, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ არ ვარ მომხრე და პარლამენტშიც ვთქვი კიდეც, რომ ეს არ არის საუკეთესო ფორმატი, როდესაც ჩვენ საჯარო სივრცეში ველაპარაკებით ერთმანეთს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ეს ბატონმა მამუკამაც კარგად იცის და ეს პროცესი – ბანკებთან 8-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა – დაიწყო ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში, როდესაც არც პროკურატურის კითხვა გაჟღერებულა, არც ბრიფინგი ყოფილა და არც პარლამენტში ყოფილა მოსმენა, არც ბატონი მამუკასი და არც ჩემი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთელი ის გუნდი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, მათ შორის მისი და ჩემი გუნდი, რომელიც ჩვენთან ანაკლიის განვითარების სააგენტოში არის წარმოდგენილი, მაგრამ ყველა დანარჩენი უწყებების ჩართულობით, ეს გუნდი ზის ერთად და ერთმანეთთან ძალიან ინტენსიურად მუშაობს, მეილებსაც ცვლის და სატელეფონო ზარებსაც. ამ პროცესში არც ბატონ მამუკას ჰქონია შეფერხება, არც შეხვედრის მოთხოვნა ყოფილა.

კომუნიკაციის ნაკლებობა კონსორციუმთან სამუშაო დონეზე არ არის და თუ მამუკა ხაზარაძეს თავად აქვს კომუნიკაციის ნაკლებობა, ალბათ, მას უნდა გადაედგა ამისათვის ნაბიჯი, რაც არ ყოფილა“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები