არის თუ არა კობაური სქესობრივად უუნარო, ექსპერტიზა უახლოეს დღეებში დაადგენს  

​ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს, ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება იმის დასადგენად, აქვს თუ არა მას სქესობრივი აქტის ჩატარების უნარი.
დაცვის მხარე ირწმუნება, რომ კობაურს სქესობრივი აქტის ჩატარება არ შეუძლია.

როგორც კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, კობაურს, რომ შემხებლობა არ ჰქონია ლორა სმიტთან ეს დასტურდება ქალის სხეულზე ჩატარებული სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზით. გარდა ამისა, გარდაცვლილი ადამიანი დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ ისეთ პროცესებს გადის, რომ ტექნიკური თვალსაზრისით გამორიცხულია სპერმის ამდენი ხნით არსებობა, ასეთი რომც ყოფილიყო.

“დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანი ისეთ პროცესებს გადის, რომ გამოირიცხება სპერმა ტექნიკურად ყოფილიყო, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც. ლორა სმიტი ნაპოვნია გარდაცვალებიდან 2-3 დღის შემდეგ, ჩვენ გვაქვს კომპეტენტური პასუხები, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში იმდაგვარი პროცესების მიმდინარეობს, რომ ფიზიკურად გამორიცხავს იმ მომენტისათვის სპერმის ობიექტურად არსებობას. ამ ტექნიკურ სამედიცინო საკითხზე ჩვენი მხრიდან ჩავატარებთ ექსპერტიზას. ​აუცილებლად ჩატარდება ექსპერტიზა ჰქონდა თუ არა იმ მომენტში კობაურს სქესობრივი აქტის ჩატარების უნარი. ექსპერტიზა მას ციხეში ჩაუტარდება მიმდინარე კვირაში”, – აცხადებს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

​ბრალდებულის ადვოკატები ასევე მოითხოვენ გამოიკითხონ მოკლული რაიან სმიტის ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მისი ძმა და მამა, რომელთა ჩვენებებიც გამოძიებას ამ დრომდე არ გააჩნია.

“ამასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ აშშ-ს საელჩოს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მათი გამოკითხვა შესაძლებელი იქნება. გვაინტერესებს ხომ არ ჰყავდათ რაიან და ლორა სმიტებს პირადი მტრები. გამოძიებას დღემდე არ აინტერესებს სმიტების ოჯახის წევრების გამოკითხვა, რამაც საერთოდ შესაძლოა სრულებით შეცვალოს გამოძიების მიმართულება”, – აცხადებს კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

აღსანიშნავია, რომ 43 წლის რაიან სმიტი და მისი 4 წლის ვაჟიშვილი 4 ივლისს, ხადის ხეობაში სანადირო თოფიდანგასროლით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. სმიტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაურია დაკავებული, რომელიც ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობა უცხო პირებმა ჩაიდინეს.

რაიან სმიტი საქართველოში აშშ -დან, კერძოდ, კალიფორნიიდან ჩამოვიდა და კავკასიური ფარდაგების აღდგენით იყო დაკავებული. ერთ-ერთ ინტერვიუში რაიანი ამბობდა, რომ კავკასიური  ფარდაგებით  აზერბაიჯანში ცხოვრების დროს დაინტერესდა და ხალხური რეწვის ამ უძველესი ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია გადაწყვიტა.

რაიან და ლორა სმიტებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი აიშენეს და შვილის საქართველოში გაზრდა სურდათ.

 

მსგავსი თემები