„არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს“ – ბიძინა ივანიშვილი

 

მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს. უცნაური და გაუგებარი ის არის, რომ საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც სიმართლეს ეტყოდა და გასაგებად აუხსნიდა ადამიანებს, რომ ევროპას ასწლეულების განმავლობაში, მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების გადატანა მოუხდა, სანამ ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა, რომ ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ეკონომიკა წელიწადში 5-ჯერ ან 6-ჯერ კი არა, 600 – ჯერ გაზარდოს.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ჩნდება სურვილი, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულს გაუტოლდეს და ეს დაუყოვნებლივ ან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ეს.

„ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ინფორმაციის ეპოქაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ სრული საინფორმაციო თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით. ისინი ამავე დროს უვიზოდ მოგზაურობენ ევროპის და მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და თვალნათლივ ხედავენ იქაური და აქაური ცხოვრების დონეს შორის არსებულ უზარმაზარ ეკონომიკურ და სოციალურ კონტრასტს. განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ხშირად, ერთ სულ მოსახლეზე 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება ჩვენსას. ასეთ დროს ცხადია ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულს გაუტოლდეს და ეს დაუყოვნებლივ ან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს“, – აცხადებს ივანიშვილი.

მსგავსი თემები