არასრულწლოვნები პიროტექნიკას ვერ იყიდიან – კანონი მკაცრდება, გამყიდველი კი დაისჯება

პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა აიკრძალება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და ბიუროზეც განიხილეს. სანქცია ადმინისტრაციული წესით დასჯას ითვალისწინებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის – 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის – 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პიროტექნიკურ ნაკეთობებზე არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომის საფრთხე არაერთხელ დადასტურდა. საახალწლო დღეებში, პიროტექნიკის გამოყენებით დაზიანების ათეულობით ფაქტი დაფიქსირდა.

„2018 წლის იანვარში, თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა“, – ვკითხულობთ კანონპროექტის პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება დაჯარიმების პროცედურებს, როგორც კანონპროექტშია გაწერილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მშობლებს და საზოგადოებას მოუწოდებს, კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

„18 წლამდე პიროტექნიკის გაყიდვა უნდა აიკრძალოს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი შვილები ტრამვებისგან. იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე მივიღებთ კანონს და ვიდრე ყველა მუნიციპალიტეტში სრულყოფილად ამოქმედდება ახალი რეგულაციები, მშობლებიც და სრულიად საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთვებით ამ ინიციატივის მხარდაჭერაში,“- განუცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარს“.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ „მომხმარებელი.ჯი“ – ს პროგრამის ხელმძღვანელის, ლია თოდუას თქმით, საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების ხარისხს დაადგენდა, რაც დამატებით პრობლემას აჩენს.

„კანონი ითვალისწინებს მხოლოდ იმას, რომ ნებისმიერი პროდუქცია, მათ შორის, პიროტექნიკა, უნდა იყოს უსაფრთხო. ასევე მოთხოვნაა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები არ მიყიდონ ბავშვებს და ინსტრუქცია უსაფრთხოების შესახებ უნდა იყოს ქართულ ენაზე. ეს მოთხოვნები არ სრულდება – ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით, როგორ ჩნდება ხანძარი, როგორ შავდებიან ადამიანები. საქართველოში არ არსებობს ამ კუთხით მაკონტროლებელი უწყება“, – აცხადებს ლია თოდუა.

მისივე შეფასებით, დაზარალებული მომხმარებელი ვერავის მოსთხოვს პასუხს, თუკი პიროტექნიკას ქუჩაში შეიძენს: „დაზარალებულმა მაღაზიის მეპატრონეს შესაძლებელია, სასამართლოში უჩივლოს, თუმცა ჩვენი კანონმდებლობით პასუხისმგებელია მწარმოებელი და არა გამყიდველი. ჩივილის შემთხვევები არ მახსენდება, თუმცა დაზარალებული ძალიან ბევრია“.

რაც შეეხება პიროტექნიკით ადამიანის დაზიანების შემთხვევებს, ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. იყო შემთხვევა, როდესაც 4 წლის ბავშვმა საჭმელ “ბურბუშელაში” აღმოჩენილი პიროტექნიკა გადაყლაპა, საბედნიეროდ ბავშვი გადარჩა. 2018 წლის იანვარში თბილისში პიროტექნიკით 44 ბავშვი დაზარალდა, ყველა დაზარალებულს დაზიანება მიღებული აქვს ხელებზე და სახეზე., მათგან ხუთ ბავშვს ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ცნობით, მცირე დაზიანებების გარდა, პიროტექნიკით დაზიანებულებისათვის ყოველ წელს ქირურგიული ოპერაციების ჩატარებაც უწევთ. ექიმები მშობლებს და ბავშვებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

მსგავსი თემები