არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენა გახშირდა – ერთ დღეში 40-მდე ფაქტი 

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ მირიან წიკლაურის ინფორმაციით, კატასტროფულად გაზრდილია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი. დღეში საშუალოდ, 10-15 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არის, მაღაზიებისა და ბინების გაქურდვის, თუ კერძო საკუთრების დაზიანების ფაქტები.

როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სულ რაღაც 1 კვირის წინ, ერთ დღეში, არასრულწლოვნებმა 40-მდე დანაშაული ჩაიდინეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ მიმართ სასჯელის გაუქმებას, სხვა მექანიზმების ამოქმედება უნდა მოჰყოლოდა.

“სადაც სიმკაცრე არ არის, იქ პროცესები უმართავი ხდება. არასრულწლოვნებზე სასჯელი გავაუქმეთ, თითქოს სწორად მოვიქეცით, თუმცა, ამას შესაბამისი სერვისები თუ არ მივაყოლეთ, კატასტროფას მივიღებთ და მივიღეთ კიდეც. ​იცით რა მდგომარეობაა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით? დღეში 10-15 შემთხვევა ხდება, მაღაზიების, ბინების გაძარცვა და ა.შ. მათი დაკავება შესაძლებელია, მაგრამ პასუხისმგებლობაში მიცემის მექანიზმები არ არსებობს, არც იმის მექანიზმები არსებობს რომ ამის პრევენცია მოვახდინოთ. არ არის შესაბამისი დაწესებულებები. რაღაც ფორმა იზოლაციის, მათთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარებისა და ა.შ კატასტროფულად გაზრდილია დანაშაულის ჩადენის შემთხვევები, 40-მდე დანაშაული მოხდა ერთ დღეში, სულ რაღაც ერთი კვირის წინ. მარტო განცხადებების კეთება, შესაბამისი მექანიზმების გარეშე არ მიმაჩნია სწორად”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

მსგავსი თემები