არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

“სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი თემები