არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა – ომბუდსმენი

პროკურატურას მიმართავს „სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არ მოხდა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება. სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხება.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა, მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სამართლის საპოვნელად და მკვლელების დასასჯელად ისევ ქუჩაშია. როგორც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, მომხდარი ფაქტი და შემდგომი პროცესები ადასტურებს, რომ სამართალდამცავ სისტემაში რეფორმა აუცილებელია.

„ერთი წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელსაც ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის გარდაცვალება მოჰყვა. ამ შემთხვევამ და შემდგომმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინეს მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებზე და სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინეს სამართალდამცავ სისტემაში რეფორმის განხორციელების აუცილებლობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, არასრულწლოვანთა სამართლებრივი ინტერესების განსაკუთრებული პრიორიტეტულობისა და საკითხის მომეტებული სიმწვავიდან გამომდინარე, საგამონაკლისო დაშვებით, სრულად შეისწავლა ე.წ. ხორავას ქუჩის საქმე, საქმესთან დაკავშირებული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალები, განახორციელა საპარლამენტო კომისიის ძირითადი სხდომების მონიტორინგი, შეისწავლა კომისიის საქმიანობის შედეგები და პარლამენტის დადგენილება, შეხვდა ბრალდებულ არასრულწლოვნებს, ბრალდებულების/ამჟამად მსჯავრდებულებისა და დაზარალებულების ოჯახის წევრებს“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ გამოძიება სავარაუდოდ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაციით დაწყებულიყო, ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით, პროკურატურას გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების და არა გამოძიების დაწყების რეკომენდაცია მიეცა. „შედეგად, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც ამ დროისთვის კვლავ გრძელდება. მიუხედავად გაწეული დიდი ძალისხმევისა როგორც სახალხო დამცველის, ასევე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან, საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია პროკურატურის მიმართ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე“ – აცხადებს ნინო ლომჯარია და მთავარ პროკურატურას მოთხოვნით და მიმართავს:

1. ყოველი თვის ბოლოს წარმოუდგინოს საზოგადოებას როგორც მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, ასევე, ინფორმაცია სახალხო დამცველის წინადადებასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოკვეთილ ხარვეზებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ;
​2. სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალების პერიოდულად სრულყოფილი გაცნობის შესაძლებლობა.

მსგავსი თემები