“არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა, ჯერ პირველი არ დამთავრებულა და ვირუსი არსად წასულა” – ინფექციონისტი

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ეპიდემიის პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა: „მეორე ტალღა დაიწყო, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ვირუსი არსად არ წასულა“ – ამბობს გოგინავა. მისივე მოსაზრებით გაზრდილი შემთხვევბი საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ბოლო რამდენიმე დღეა შემთხვევების მატება აღინიშნა, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ახალი შემთხვევები ან საკარანტინო სივრციდან ან ცხელი კერიდანაა, სადაც მოსახლეობის კვლევა მასიურად მოხდა და ამიტომ ვირუსი შედარებით ბევრს დაუდასტურდა. ეს გაზრდილი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და 2-3 დღის მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ, რომ სიტუაცია გაუარესდა“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს და გაცემული რეკომენდაციები არ დაივიწყოს.

საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი

მსგავსი თემები